თურქეთისა და აშშ–ის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის F-16-ებსა და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
19/10/2022 09:58:37 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა და აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
თურქული მხარის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
"იბრაჰიმ კალინმა და ჯეიკ სალივანმა გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თემებზე, თავდაცვისა და ენერგეტიკის თანამშრომლობაზე, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვაში განვითარებულ მოვლენებზე და სხვა რეგიონულ საკითხებზე.
უკრაინის ომთან დაკავშირებით, კალინმა ხაზი გაუსვა შეთანხმებული დიპლომატიური ძალისხმევის განხორციელების აუცილებლობას იმ ზიანის შესამსუბუქებლად, რომელიც კონფლიქტმა მიაყენა მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ მსოფლიოში, ასევე – გლობალურ ეკონომიკას, ენერგეტიკასა და სურსათის უსაფრთხოებას. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის ერთგულება, გააგრძელოს დიპლომატიური ინიციატივები, მათ შორის – უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმების განხორციელება, რომელსაც ვადა 2022 წლის ნოემბერში ეწურება.
ამასთან, კალინმა სალივანს მოახსენა თურქეთის მოლოდინების შესახებ აშშ-ის კონგრესის მიერ F-16-ის შესყიდვის მოთხოვნის დამტკიცების პროცესის უპირობო დასრულებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, კალინმა აღნიშნა, რომ თურქეთი ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვაში ლეგიტიმური უფლებებისა და ინტერესების დაცვას მტკიცედ გაანაგრძობს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთმა უნდა დაასრულოს თავისი ქმედებები და პროვოკაციული განცხადებები, რომლებიც უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


