"ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვაცხადებ, რომ დღეს ისრაელი იმავე "დრონების" სამიზნეა, რომლებიც ანადგურებენ უკრაინას, დროა, გვერდით დაგვიდგეს"
19/10/2022 06:39:33 მსოფლიო
უკრაინა ისრაელს მოუწოდებს, დადგეს უკრაინის გვერდით და ქვეყანას საჰაერო თავდაცვის კუთხით დახმარება გაუწიოს. შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გააკეთა.
"ჩვენ დიდი ხანია, ვთხოვთ ისრაელს, ღია იყოს უკრაინასთან საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის. თუ ისრაელის პოლიტიკა ირანის დესტრუქციულ ქმედებებზე წინააღმდეგობის გაწევაა, მაშინ დროა, ისრაელი უკრაინას გვერდით დაუდგეს. ჩვენი პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა აუცილებლად გამოიწვევს უკრაინის გამარჯვებას და შეაჩერებს ბოროტ ქვეყანას, რომელიც არის რუსეთის ფედერაცია და ყველას, ვინც ამ ქვეყანას ეხმარება. ახლა ირანი რეალურად ეხმარება რუსეთის ფედერაციას გარკვეული იარაღით. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე დღეს ისრაელი იმავე "დრონების" სამიზნეა, რომლებიც ანადგურებენ უკრაინას. ვფიქრობ, [ეს] საკმარისი ნათქვამია. ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი ისრაელის პოლიტიკის განვითარებისთვის“, – განაცხადა კულებამ.
ცნობისთვის: 16 ოქტომბერს ისრაელის მინისტრმა დიასპორის საკითხებში ნახმან შაიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ისრაელისგან სამხედრო დახმარება უნდა მიიღოს. მისი თქმით, ეჭვი აღარ არის, თუ სად უნდა იდგეს ისრაელი ამ „სისხლიან კონფლიქტში“.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს. აღარ არის ეჭვი, სად უნდა დადგეს ისრაელი ამ სისხლიან კონფლიქტში. დროა, უკრაინამ მიიღოს ისეთივე სამხედრო დახმარება, როგორსაც აშშ და ნატო–ს ქვეყნები აწვდიან”, - წერს ნახმან შაი სოციალურ ქსელში.
აღნიშნულის შემდეგ რუსეთმა ისრაელი გააფრთხილა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ექს–პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ თუ ისრაელი უკრაინას სამხედროს დახმარებას გაუწევს, ეს "ძალიან უგუნური ნაბიჯი იქნება".
"ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას ყველა დონეზე გაანადგურებს", – აცხადებს მედვედევი.
The Washington Post-ს ინფორმაციით, ოფიციალური თეირანი რუსეთში რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების გაგზავნას გეგმავს, რომლებიც უკრაინაში, ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად არის განკუთვნილი.


