ლავროვი: "რუსეთისთვის აზრი არ აქვს დასავლეთის ქვეყნებში არსებული დიპლომატიური წარმოდგენილობის შენარჩუნებას"
19/10/2022 05:52:21 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვისთვის აზრი არ აქვს დასავლეთის ქვეყნებში არსებული დიპლომატიური წარმოდგენილობის შენარჩუნებას. ამის შესახებ მან საგარეო უწყების თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"პირობებს, რომლებშიც დასავლეთში რუსეთის დიპლომატები მუშაობენ, ძნელია ვუწოდოთ ადამიანური. ევროპა ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს რუსეთთან თანამშრომლობა", – განაცხადა ლავროვმა.
მას არ დაუზუსტებია, დასავლეთში რუსეთის დიპლომატიური ყოფნის კონკრეტულად რომელი ასპექტების შემცირების წინადადებით გამოდის და შეეხება თუ არა შემცირება საზღვარგარეთ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის საკონსულო დახმარების აღმოჩენას.
მისი თქმით, რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ყურადღება უნდა გადაერთოს „მესამე მსოფლიოზე“ - აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნებზე:
„აფრიკას ჯერ კიდევ აუთვისებელი კოლოსალური რაოდენობის ბუნებრივი რესურსები მოეპოვება. ლათინური ამერიკის უდიდესი ნაწილი არა მხოლოდ განაგრძობს ჩვენთან ურთიერთობებს, არამედ დაინტერესებულია მისი გაღრმავებით. ახალი კავშირების გაძლიერება საშუალებას მოგვცემს აშკარად ვაჩვენოთ, რომ რუსეთი არ იმყოფება პოლიტიკურ იზოლაციაში".
ამასთან, მან ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე:
„ის, რაც ახლა ხდება, დაწვრილებით აღწერა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის გამოსვლებში, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ოთხ ახალ სუბიექტთან ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიაზე წარმოთქმულ სიტყვაში - ეს არის კოლონიური აზროვნების ნამდვილი რეციდივი, მისწრაფება ყველა და ყველაფერი საკუთარ ნებას დაუმორჩილო, დაამტკიცო, რომ „მე, ჰეგემონი (იგულისხმებიან ჩვენი ამერიკელი კოლეგები), ვიცხოვრებ პრინციპით: რაც მინდა, იმას ვაკეთებ".


