ევროპაში გაზი 3-ჯერ გაიაფდა
18/10/2022 13:46:04 მსოფლიო
ევროპაში გაზი აგვისტოს პიკთან შედარებით 3-ჯერ გაიაფდა და კონტინენტის ნაპირებთან მისით დატვირთული ტანკერების მოზღვავება გრძელდება. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ევროპის ქვეყნები ამ მასშტაბის მიწოდებებისთვის მოუმზადებლები აღმოჩნდნენ, - იუწყება Reuters.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ევროპის სანაპიროებთან თხევადი გაზით დატვირთული ათობით ტანკერი დგას: ნაწილი ჩამოტვირთვას ელის, ნაწილი კი - ნოემბერ-დეკემბრისთვის ფასის სავარაუდო მატებას და თუ ეს არ მოხდა, აზიისკენ აპირებენ გამგზავრებას, სადაც აციებასთან ერთად მოთხოვნის ზრდას ელიან.
ცნობისთვის: საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მესამე კვარტალში რუსული გაზპრომის მიერ ევროპისთვის გაზის მიწოდება 70%-ით შემცირდა. შედეგად აშშ-დან თხევადი გაზის იმპორტმა პირველად ისტორიაში რუსეთიდან გაზის მილსადენებით მიწოდების მოცულობას გადააჭარბა. შესასყიდი გაზის მასშტაბების გასაზრდელად ევროპული ქვეყნები დამატებით ტერმინალებს აშენებენ, მათ ექსპლუატაციაში შეყვანამდე კი შეუკვეთეს მცურავი ტერმინალები, რომელთა ნაწილმა უკვე დაიწყო მუშაობა ნიდერლანდებში, უახლოეს ხანებში კი გერმანიაშიც ამუშავდება.
ამ დროისთვის ევროპაში გაზსაცავები 92,4%-თაა შევსებული. ამასთან, მეორე კვარტალში ევროკავშირში გაზის მოხმარება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,3%-ით - 71 მილიარდ კუბურ მეტრამდე დაეცა, იმპორტი კი 3%-ით - 94 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, - განაცხადა ორშაბათს ევროკომისიამ კვარტლის მოხსენებაზე დაყრდნობით და იქვე დასძინა, რომ მესამე კვარტალში მოხმარება სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტადაა შემცირებული, რადგან საწარმოებმა გაზის მოხმარებაზე უარი თქვეს.


