ზელენსკი: "ერთ კვირაში რუსეთმა უკრაინის ელექტროსადგურების 30% გაანადგურა"
18/10/2022 10:11:17 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, 10 ოქტომბრიდან რუსეთმა გაანადგურა უკრაინის ელექტროსადგურების 30%, რამაც მთელ ქვეყანაში ელექტროენერგიის მასობრივად გათიშვა გამოიწვია.
"რუსული ტერორისტული თავდასხმების კიდევ ერთი მიზანი – ენერგეტიკულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა და მათი დაზიანება. 10 ოქტომბრის შემდეგ ელექტროსადგურების 30% განადგურებულია, რამაც მთელს ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება", – აცხადებს ზელენსკი.
რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ქალაქებზე მასირებული შეტევა 10 ოქტომბრიდან დაიწყეს. ბოლო ერთ კვირაში სამჯერ განხორციელდა დარტყმა კიევზე, რომელსაც თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში აღარ უტევდნენ. რუსების სამიზნე სამხედრო ობიექტებთან ერთად სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც არის.


