თეთრი სახლი: "საჯაროდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა ირანისგან დრონები მიიღო"
18/10/2022 09:38:53 მსოფლიო
თეთრი სახლის პრეს–სპიკერ კარინ ჟან-პიერის განცხადებით, აშშ გააგრძელებს სანქციების დაწესებას როგორც რუსეთის, ისე ირანული იარაღით ვაჭრობის სფეროებზე. ამის შესახებ მან პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი ირანისგან "დრონებს" იღებს.
"საჯაროდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა ირანისგან დრონები მიიღო და რომ რუსი ოპერატორები ირანში ამ სისტემის გამოყენებას სწავლობენ. არსებობს მათი გამოყენების მტკიცებულებები როგორც სამხედრო, ასევე, სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ. ამავდროულად, ირანი განიხილავს კიდევ უფრო მეტი იარაღის გაყიდვას იმ შეჭრის მხარდასაჭერად, რომელსაც როგორც თავად ამბობენ, ეწინააღმდეგებიან. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების დაწესებას როგორც რუსეთის, ასევე, ირანული იარაღით ვაჭრობის სფეროებზე", - განაცხადა თეთრი სახლის პრეს–სპიკერმა.
კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი ბოლო პერიოდში უკრაინის ქალაქებზე შეტევას ირანული "დრონებით" ახორციელებს. თუმცა ირანი მოსკოვისთვის "დრონების" მიწოდებას კატეგორიულად უარყოფს.


