
ნორვეგიაში ოთხი რუსი დააკავეს აკრძალული ობიექტების გადაღებისთვის
18/10/2022 07:51:13 ევროპა
ნორვეგიაში რუსეთის ოთხი მოქალაქე დააკავეს ნორდლენდის რაიონში აკრძალული ობიექტების გადაღებისთვის,- იუწყება ტელეკომპანია NRK.
დაკავებულებს შორის ერთი ქალი და სამი მამაკაცია.
11 ოქტომბერს სამართალდამცავებმა მანქანა გააჩერეს და აღმოაჩინეს ტექნიკა და და „ვრცელი“ ფოტო არქივი.
თავად დაკავებულები აცხადებენ, რომ ისინი ტურისტები არიან და არ იცოდნენ, რომ მათ ზონაში ფოტოების გადაღება აკრძალული იყო.
ნორვეგიის პოლიცია დაკავებულთა ვინაობას ჯერ არ ასახელებს და არ განმარტავს, რა სახის ობიექტებზეა საუბარი.
დაკავებულებს ადვოკატები შეხვდნენ. ერთ-ერთმა მედიასთან განაცხადა, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა გადაღების აკრძალვის შესახებ და რომ მან მხოლოდ ჩრდილოეთის ნათება გადაიღო.
ოქტომბერში ეს ნორვეგიაში რუსების დაკავების მესამე გახმაურებული შემთხვევაა. 14 ოქტომბერს ტრომსოს აეროპორტში რუსეთის მოქალაქე დრონით დააკავეს. მის მიერ გადაღებულ ფოტოებზე სამხედრო ვერტმფრენი იყო აღბეჭდილი.
11 ოქტომბერს სტორსკოგის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსეთის მოქალაქე ვიტალი რუსტანოვიჩი დააკავეს. მას ფოტოაპარატი და ორი დრონი ჩამოართვეს. თავად რუსტანოვიჩი აცხადებს, რომ პროფესიონალი ფოტოგრაფია და მოგზაურობის დროს დრონები პირადი მიზნებისთვის გაუშვა. პოლიციამ არ გამორიცხა, რომ ვიტალი მართლაც იყოს ჩვეულებრივი ტურისტი და დასძინა, რომ დრონების გამოყენების აკრძალვა ეხება ყველა რუსს, მიუხედავად იმისა, თუ რას იღებენ ისინი.