უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული
18/10/2022 06:15:15 მსოფლიო
დილიდან უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
ქალაქ ნიკოლაევზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის ინფორმაციით, დანგრეულია ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და დაზიანებულია ელექტროენერგიით მომარაგების სისტემა.
რუსეთის სამხედრო ძალების შეტევის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზებია განადგურებული დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონშიც.
გარდა ამისა, დღეს დილით აფეთქებები იყო ხარკოვსა და კრივოი როგშიც.
"ხარკოვზე შეტევა მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის ქვეშაა ქალაქის ერთ-ერთი სამრეწველო რაიონი“, - განაცხადა ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა.
ამასთან, რუსებმა ქალაქ დნიპროში მდებარე ელექტროსადგური დაბომბეს.
მოგვიანებით, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ აფეთქებებია კიევშიც.
მომხდარის შედეგები ჯერ–ჯერობით უცნობია.
ცნობისთვის: 17 ოქტომბერს რუსეთის სამხედრო ძალებმა რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით შეტევა განახორციელეს უკრაინის დედაქალაქ კიევსა და სუმის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის და ლვოვის ოლქებზე. მხოლოდ კიევში, საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი. უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლების გარდა რუსული ძალების სამიზნე იყო ენერგოობიექტები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კოანაშენკოვმა განაცხადა, რომ "მაღალი სიზუსტის იარაღით" შეუტიეს უკრაინის სამხედრო და ენერგეტიკის ობიქტებს და წინასწარ განსაზღვრული ყველა სამიზნე გაანადგურეს. რუს გენერალს არაფერი უთქვამს კიევის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ სახლზე იერიშზე.


