კანადამ სანქციები დაუწესა, მათ შორის, თინა კანდელაკს და მის შვილებს
18/10/2022 06:24:12 მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის შეჭრის და უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობის გამო, კანადის მთავრობამ სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესა რუსეთის კიდევ 34 მოქალაქეს და 1 ორგანიზაციას - ტელეკომპანია „ზვეზდა“-ს, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს.
კანადის მიერ სანქცირებულთა შორისაა ამჟამად რუსეთის მოქალაქე თინა კანდელაკი, რომელიც „გაზპრომ-მედია“-ს გენერალური დირექტორის მოადგილე და ტელეარხ ТНТ-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. კანადამ სანქციები დაუწესა კანდელაკის ორ შვილსაც. თინა კანდელაკი სანქცირებულია აშშ-ის მიერაც.
კანადის მიერ სანქცირებულთა შორის არიან რუსი მსახიობებიც, სერგეი ბეზრუკოვი, დმიტრი პევცოვი და ვლადიმირ მაშკოვი, კულტურის ყოფილი მინისტრი ვლადიმირ მედინსკი, გამოცემა „მოსკოვსკი კომსომოლეც“-ის მფლობელი პაველ გუსევი, სპორტული კომენტატორი დმიტრი გუბერნიევი, ტელეწამყვანი ნაილია ასკერ-ზადე, გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდა“-ს ჟურნალისტები ალექსანდრ კოცი და ალექსანდრ გამოვი და სხვები.
კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ პირებს კავშირი აქვთ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებასთან, რუსეთის რეჟიმს ეხმარებიან სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპების ხელყოფაში და პასუხისმგებლები არიან რუსეთის რეჟიმის გაუმართლებელი ომის საბაბად გამოყენებული ცრუ ნარატივების გავრცელებაზე.


