
ბასილაია: "მერიას არ აქვს ლეგიტიმაცია, ეჭვი შეიტანოს აკრედიტებული ექსპერტის დასკვნაში"
17/10/2022 12:52:37 საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია აცხადებს, რომ "ვაკის პარკის" შადრევანზე დასკვნა ყველა ეტაპზე იყო ცალსახად დადებითი და ასეთ დროს მერიის თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ არ გაეცათ თანხმობა პროექტის ჩაბარებაზე.
მისი თქმით, მერიის თანამშრომელს არ ჰქონდა შესაბამისი ლეგიტიმაცია, რომ ეჭვი შეეტანა სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ექსპერტის დასკვნაში.
"ჩვენი სამსახური ამოწმებს აკრედიტებული არის თუ არა ექსპერტი, აქვს თუ არა შესაბამისი საქმიანობის შემოწმების უფლება და ასევე დასკვნის შინაარსს ამოწმებს, არის თუ არა დასკვნა დადებითი. დასკვნა ცალსახად ყველა ეტაპზე იყო დადებითი. ცალსახად ყველა ეტაპზე დასკვნაში ნახსენები იყო, რომ შესრულებული სამუშაო პროექტს შეესაბამება და ეს პროექტი ქვეყანაში ყველა არსებული სამშენებლო ნორმის მიხედვით არის შესრულებული. შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ ასეთი დასკვნის დროს ჩაბარებაზე თანხმობა არ გაეცათ. თბილისის მუნიციპალიტეტს ამ შემთხვევაში არ და ვერ ეყოლებოდა ყველა დარგის ექსპერტი, რომ შესაბამისი ექსპერტიზის ექსპერტიზა მომხდარიყო”, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
მისი ცნობით, ბოლო ეტაპის სამუშაოები კომპანია „მშენ ექსპერტმა” შეაფასა.