შმიგალი: "დღეს რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის სამ რეგიონში დაესხა თავს"
17/10/2022 11:29:31 მსოფლიო
უკრაინის პრემიერ–მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, დღეს დილით რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის სამ რეგიონში დაესხა თავს.
"დღეს დილით, რუსი ტერორისტები კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის სამ რეგიონში. კერძოდ, კიევს ხუთმა დრონმა დაარტყა. დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსი. აგრესორმა ასევე განახორციელა სარაკეტო დარტყმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დნეპროპეტროვსკის და სუმის რეგიონებში. ასობით დასახლებას ელექტროენერგია არ მიეწოდება", – განაცხადა უკრაინის პრემიერ–მინისტრმა.
დღეს დილით რუსულმა ძალებმა კიევზე შეტევა განაახლეს.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის შევჩენკოს რაიონზე რუსებმა შეტევა ე.წ. კამიკაძე-დრონების გამოყენებით განახორციელეს.
მისი ცნობით, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. მომხდარს, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა.
უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, შევჩენკოს რაიონში სამი აფეთქება მოხდა.
რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევის ცენტრზე, შევჩენკოს რაიონზე შეტევა 10 ოქტომბერსაც მიიტანეს.


