მასობრივი მკვლელობა რუსულ სამხედრო ბაზაზე: მოკლულის ახლობლები დეტალებს ყვებიან
17/10/2022 10:00:32 მსოფლიო
რუსეთის სამხედრო ბაზაზე მასობრივი მკვლელობის ერთ–ერთ მონაწილედ რუსეთმა 24 წლის ეხსონ ამინზოდა (ტაჯიკეთიდან) დაასახელეს, ამის შესახებ მისმა ნათესავებმა განაცხადეს.
მათი თქმით, ახალგაზრდა კაცი 10 ოქტომბერს გაუჩინარდა მოსკოვში, ლიუბლინოს მეტროდან, ხოლო ბელგოროდის სასწავლო ბანაკში მისი გარდაცვალების შესახებ რუსეთის ხელისუფლებამ ოჯახს 16 ოქტომბერს ამცნო.
დაკარგულის უფროსმა ძმამ, ფირუზ ამინზოდამ განაცხადა, რომ ეხსონი რუსეთში მიმდინარე წლის მარტში გაემგზავრა და რესტორანში მუშაობდა. მისივე თქმით, ახალგაზრდა კაცს ჰქონდა რუსეთში მუშაობის უფლება, მაგრამ არ ფლობდა მოქალაქეობას:
„ახლა მე დამიბარეს [მოსკოვის] სამხედრო პროკურატურაში. გუშინ შემატყობინეს მომხდარის შესახებ. როგორ მოხვდა ბელგოროდში, ჩვენ არ ვიცით. ჩემი ძმა არ იყო ტერორისტი და არ ჰქონია მსგავსი აზრები. ის ჩვეულებრივი ემიგრანტი იყო, რომელსაც სურდა ემუშავა და საკუთარი ცხოვრება აეწყო“.
ფირუზის თქმით, 10 ოქტომბერს ძმამ დაურეკა და უთხრა, რომ მეგობრებთან შეხვედრას აპირებდა, რის შემდეგაც ტელეფონი გათიშა. თავის მხრივ ეხსონის მეგობარი ყვება, რომ ახალგაზრდა კაცი ომში წასვლას არ გეგმავდა, პირიქით, ტაჯიკეთში დაბრუნება სურდა, რათა შეყვარებულზე დაქორწინებულიყო.
”შოკში ვართ! იმ საღამოს თქვა, რომ ლიუბლინოს მეტროსთან შეხვდა რამდენიმე ბიჭს, რომლებსაც იცნობდა და სახლში გვიან დაბრუნდებოდა. მაგრამ ამის შემდეგ გაუჩინარდა. ყველანი მას ვეძებდით და გვეგონა, რომ დაბრუნდა ტაჯიკეთში“, - თქვა ეხსონის მეგობარმა.
კიდევ ერთ თავდამსხმელად ასევე ტაჯიკი რახმონოვი მეჰრობი სახელდება.
თავდასხმა რუსეთის ბელგოროდში, სოლოტის სამხედრო პოლიგონზე 15 ოქტომბერს მოხდა.
ოფიციალრი ვერსიის მიხედვით, მობილიზებულებს ცეცხლი ორმა პირმა გაუხსნა. ინციდენტი წვრთნის დროს მოხდა. შედეგად, 11 დაიღუპა და 15 დაიჭრა. თუმცა მედიასაშუალებები თვიმხრილველებზე დაყრდნობით წერენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, მეტი იყოს.
მედია წერს, რომ ამ ბაზაზე იმყოფებოდა 100–მდე მობილიზებული, რომელთაც უარი თქვეს უკრაინაში წასვლაზე.
თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორი თავდამსხმელი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის უსახელო ქვეყნიდან, რომელიც აერთიანებს ცხრა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, მოკლეს საპასუხო ცეცხლით.
სამინისტრომ მომხდარს “ტერორისტული თავდასხმა” უწოდა.
მანამდე ASTRA-მ სამხედროზე დაყრდნობით, რომელიც საკუთარ თავს ინციდენტის თვითმხილველს უწოდებს, იტყობინებოდა, რომ ბელგოროდის რაიონის სოფელ სოლოტის საწვრთნელ მოედანზე ხოცვა შესაძლოა, რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტის ნაწილი იყოს.
გამოცემის წყაროს ცნობით, კონფლიქტი დაიწყო იმით, რომ სამ ჯარისკაცს - დაღესტნელს, აზერბაიჯანელს და ადიღელს - სურდათ "დაეწერათ ანგარიში, რომ მათ აღარ სურთ სამსახური", რადგან ეს "მათი ომი არ არის". " ამის შესახებ შეიტყო ერთ-ერთმა მეთაურმა, რომელსაც წყარო ვიცე–პოლკოვნიკ ანდრეი ლაპინს უწოდებს, „შეკრიბა ყველა“ და განაცხადა, რომ „ეს წმინდა ომია“.
წყაროს ცნობით, ამის შემდეგ ტაჯიკური წარმოშობის სამხედრო მოსამსახურეებმა განაცხადეს, რომ წმინდა ომი იყო მუსლიმთა ომი ურწმუნოების წინააღმდეგ, ვიცე-პოლკოვნიკმა კი საპასუხოდ ალაჰს "სუსტი" ან "მშიშარა" უწოდა, რამაც ბევრი დამსწრე "შოკში ჩააგდო".
Astra-ს წყარო ყვება, რომ ტაჯიკეთის სამმა მკვიდრმა, რომლებიც კონტრაქტით მსახურობდნენ, სხვა მუსლიმებს სთხოვეს განზე გადგომა, „დატენეს თავიანთი ავტომატები “, მოკლეს ვიცე–პოლკოვნიკი და ცეცხლი გაუხსნეს განურჩევლად ყველას, რის შედეგადაც დაიღუპა კიდევ 29 ადამიანი.
ვინმე სემიონოვმა, სროლის გაგონებაზე, სავარაუდოდ, მოკლა ორი თავდამსხმელი და დაჭრა მესამე, რომელმაც გაქცევა მოახერხა.


