გერაშჩენკო: "დრონების" ჯგუფი კიევს სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან უახლოვდება, დარჩით თავშესაფრებში"
17/10/2022 06:50:12 მსოფლიო
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლი ანტონ გერაშჩენკო აცხადებს, რომ კიევში აფეთქებები გრძელდება.
"რუსეთის თავდასხმები გრძელდება. "დრონების" ჯგუფი კიევს სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან უახლოვდება, ყველა დარჩით თავშესაფრებში", – წერს გერაშჩენკო "ტელეგრამ–არხზე".
მისი თქმით, დღეს დილით ერთ–ერთი აფეთქება კიევის მთავარ რკინიგზის სადგურთან მოხდა.
კიევში საჰაერო თავდასხმის სირენების ხმა ამ დრომდე ისმის.
ცნობისთვის: დღეს დილით რუსულმა ძალებმა კიევზე იერიში განაახლეს.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის შევჩენკოს რაიონზე რუსებმა შეტევა ე.წ. კამიკაძე-დრონების გამოყენებით განახორციელეს.
მისი ცნობით, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ხანძარი გაუჩნდა არასაცხოვრებელ ობიექტს. ადგილზე მეხანძრეები, მაშველები და ექიმები მუშაობენ.
ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ ჯერ დაზუსტებული არ არის.
უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, შევჩენკოს რაიონში სამი აფეთქება მოხდა.
რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევის ცენტრზე, შევჩენკოს რაიონზე შეტევა 10 ოქტომბერსაც მიიტანეს.


