
"კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა!" - თბილისის მერიასთან აქცია გაიმართა
17/10/2022 06:00:22 საზოგადოება
"ვაკის პარკის" შადრევანში დენის დარტყმით 13 წლის ბავშვის დაღუპვის გამო თბილისის მერის მიერ პასუხისმგებლობის აღების მოთხოვნით დდაქალაქის მერიასთან აქცია გაიმართა.
"ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, არავის შერჩეს დანაშაული, რომელმაც 13 წლის მოზარდის დაღუპვა გამოიწვია. მერმა კახა კალაძემ და მერიის თანამშრომლებმა უნდა აიღონ მორალური, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა მომხდარზე", - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
აქციის ორგანიზატორები რამდენიმე პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო მოძრაობა იყვნენ.
აქციაზე სულ რამდენიმე ადამიანი იყო მისული, თბილისის მერიის შენობასთან კი რამდენიმე ათეული პოლიციელი იდგა.
ცნობისთვის: 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში თბილისში, "ვაკის პარკის" შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი გარდაიცვალა, იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მალევე გაუმჯობესდა და იგი კლინიკიდან გაწერეს. კიევ ერთი დაშავებულმა კი საავადმყოფო 16 ოქტომბერს დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.