ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთის აგრესიის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მოითხოვენ
17/10/2022 03:35:53 მსოფლიო
ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთის აგრესიის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მოითხოვენ. ამის შესახებ ნათქვამია სამი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა ერთობლივ განცხადებაში.
„წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვისკენაც ყველა ვისწრაფვით, ვერ გადარჩება, თუ დაუსჯელი დარჩება ის ქმედებები, რომლებიც ამ წესრიგს ყველაზე აშკარად არღვევენ – გენოციდი, ომის დანაშაული, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და აგრესიის დანაშაული“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამჟამად არ არსებობს სასამართლო ან ტრიბუნალი, რომელიც რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას პასუხს აგებინებდა უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის.
„აუცილებელია სპეციალური ტრიბუნალის შექმნა, რათა ეს ხარვეზი აღმოიფხვრას. ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორები ამ ძალისხმევის ცენტრში უნდა იდგნენ. ამ მკვლელი აგრესიის ორგანიზატორები, წამხალისებლები და ფასილიტატორები ვერ უნდა დაუსხლტნენ მართლმსაჯულებას უბრალოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო იურისდიქციაში ხარვეზი არსებობს“, – აცხადებენ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.


