
"ვაკის პარკში" დენის დარტყმის შედეგად დაშავებულ მოზარდს კლინიკიდან სავარაუდოდ, დღეს გაწერენ
16/10/2022 08:03:34 საზოგადოება
"ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ციბაძე აცხადებს, რომ "ვაკის პარკში" დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შესაძლოა, იგი დღეს გაწერონ კლინიკიდან. ამის შესახებ ექიმმა განცხადება დღეს გააკეთა.
"მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უკვე გავიდა ის პერიოდი, რომელიც სხვადასხვა რისკებთან იყო დაკავშირებული. ამ წუთისთვის გარკვეული კვლევებისა და კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ, სავარაუდოდ, აღარ იქნება მისი ინტენსიურ თერაპიაში გაჩერება საჭირო. მისი მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება ამბულატორიულად. დღეს, ალბათ, დღის განმავლობაში სახლში გავუშვებთ", - აცხადებს ექიმი.
ცნობისთვის: 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში თბილისში, "ვაკის პარკის" შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი გარდაიცვალა, იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მალევე გაუმჯობესდა და იგი კლინიკიდან გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.