ბელგოროდში ნავთობის ბაზა იწვის - რუსი გუბერნატორი
15/10/2022 15:18:46 მსოფლიო
რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 40 კილომეტრზე მდებარეობს, ჭურვის მოხვედრის შედეგად ნავთობის ბაზას ცეცხლი გაუჩნდა,- ამის შესახებ ბელგოროდის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი იუწყება და ინციდენტის ამსახველი ფოტოს აქვეყნებს.
"ჩვენ კვლავ დაგვიშინეს ცეცხლი. ერთ-ერთი ჭურვი ბელგოროდის რაიონის ტერიტორიაზე ნავთობის ბაზას მოხვდა. საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო უკვე ებრძვის ხანძარს", - წერს რუსი გუბერნატორი.
წინა დღეს ბელგოროდში ხანძარი შაქრის ქარხანას გაუჩნდა. ხანძრამდე მოსახლეობამ ხმამაღალი აფეთქებების მსგავსი ხმები მოისმინა.
მანამდე ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ასევე გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს რეგიონში მდებარე საბრძოლო მასალის საცავს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი აცხადებს, რომ აფეთქება ჭურვების დეტონაციამ გამოიწვია.


