
მერის მოადგილე: "აგვისტოს შემდეგ ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდნენ ჩართულ შადრევანში, აქტიურად იტესტებოდა სისტემა"
14/10/2022 13:02:38 პოლიტიკა, საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია აცხადებს, რომ "ვაკის პარკის" შადრევნის რეაბილიტაცია აგვისტოში დასრულდა და მას შემდეგ სისტემური ტესტირება მუდმივად ტარდებოდა.
"მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ობიექტი გვაქვს ქალაქში და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არსად გვქონია. ამ შემთხვევაშიც, გათვალისწინებული იყო კონკრეტული „რელე“, რომელსაც უნდა ემუშავა ძაბვის ცვალებადობის დროს. ახლა გამოძიების საგანია, რატომ არ იმუშავა ამ ხელსაწყომ. ამასთან, რეალურად შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა აგვისტოს ბოლოს, რის შემდეგაც, როგორც მუნიციპალიტეტის, ისე კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში იყვნენ ჩართულ შადრევანში, აქტიურად აკეთებდნენ სისტემის ტესტირებას და რაიმე შემთხვევა არც ერთხელ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
ცნობისთვის: 13 ოქტომბერს "ვაკის პარკში", შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და იგი ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. "ვაკის პარკის" შადრევანში დაშავებული ერთი მოზარდი კლინიკიდან დღეს გაწერეს, მეორე კი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
მომხდარის გამო ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერ კახა კალაძის გადადგომას მოითხოვს.
ვაკის პარკში 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შადრევანზე "გრინსერვის +" ასრულებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებზე ბოლო ინსპექტირება 2022 წლის 29 აგვისტოს არის ჩატარებული.
12 ოქტომბერს განახლებული შადრევნები საზეიმოდ გახსნა ქალაქის მერმა კახა კალაძემ.