„თუ ერთი ქვეყანა მაინც გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, ეს პლანეტის დასასრული იქნება, რადგან ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, რაც რუსეთში კარგად ესმით“
14/10/2022 12:39:01 მსოფლიო
ბელორუსის ავტორიტარ ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკოს ამერიკულ NBC-სთან ინტერვიუში კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობაზე დაუსვეს კითხვა.
„დასავლეთის ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება პრეზიდენტი პუტინი. როგორ ფიქრობთ, მაღალია ალბათობა, რომ ის უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს? – იკითხა ჟურნალისტმა.
ლუკაშენკოს საკმაოდ ვრცელი პასუხი საინტერესო ქვეტექსტებს მოიცავს:
„მთავარია, შენი თანამოსაუბრე, მოწინააღმდეგეც კი, კუთხეში არ მიამწვდიო. ამიტომ, „წითელი ხაზის“ გადაკვეთა არ შეიძლება. რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ნებისმიერი იარაღი ხომ რაღაცისთვის იქმნება?! მკაფიოდ ჩამოაყალიბა [პუტინმა – რედ.] თავისი პოზიცია: ღმერთმა არ ქნას, მოხდეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თავდასხმა, ამ შემთხვევაში რუსეთი შეძლებს (აუცილებლობის პირობებში), გამოიყენოს ყველა სახის იარაღი. რაც შეეხება თქვენი შეკითხვის ქვეტექსტს, რუსეთის ხელმძღვანელობას, მათ შორის, პრეზიდენტ პუტინს, არასოდეს დაუყენებია უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენება თავის მიზნად. ასეთი საჭიროება არ არსებობს. როდესაც რუსეთმა მაღალი სიზუსტის რაკეტებით იერიში მიიტანა უკრაინაზე ყირიმის ხიდის პასუხად, თქვენ შეამჩნიეთ, რომ ეს ძალაა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. რუსეთი ფლობს (და ეს ზუსტად ვიცი) ყველაზე თანამედროვე ტიპის იარაღებს და არ არის საჭირო ბირთვული იარაღი. რუსეთი გაუმკლავდება ბირთვული იარაღის გარეშე. მაგრამ რჩება კითხვა, ეს ვის აწყობს? რატომაა ეს საჭირო? დაიღუპება არა მხოლოდ 1000 არამედ უკვე ათასობით ადამიანი, მათ შორის, უკრაინის მხრიდან. ამიტომ, ბირთვული იარაღის გამოყენება...ვხედავ, ზოგიერთმა ბირთვული სახელმწიფოს ლიდერმა დაიწყო ამაზე საუბარი (მე მგონი, დიდმა ბრიტანეთმა, მაკრონმაც დაიწყო ამ თემაზე ჩაჭიდება). ამ თემაზე საუბარი არაფრით შეიძლება. ეს პლანეტის დასასრულია, თუ ერთი ქვეყნის მიერ მაინც იქნება გამოყენებული ბირთვული იარაღი, რადგან ეს ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს. რუსეთში ეს მშვენივრად ესმის და ვიმეორებ, არავინ (ეს ზუსტად ვიცი) აყენებს პრეზიდენტ პუტინთან საკითხს ასე და არ ისახავს მიზნად ბირთვული იარაღის გამოყენებას“.
მისი თქმით, უნდა მოიძებნოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზები და ეს ყველას ინტერესშია, მათ შორის, აშშ–ის.
მისი მტკიცებით, ბირთვული იარაღის გამოყენების მთავარი ინიციატორი პოლონეთია და რომ ის ახდენს აშშ–ის „პროვოცირებას“ და რომ აშშ მას არ უნდა აჰყვეს.
„არსებობს ბირთვული იარაღი. დაე, ის იყოს იმ საწყობებში, სადაც არის. უნდა დამშვიდდნენ და დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან“.
ჟურნალისტის კითხაზე, „ის ჯერ ვერ იმარჯვებს უკრაინაში. შეიცვალა თუ არა რამე მის ქცევაში? ხომ არ გეჩვენებათ, რომ ის დაძაბულია? იქნებ ნერვიულობს, ზეწოლას განიცდის?“, – ლუკაშენკოს არ უცდია მტკიცება, რომ „ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“, როგორც ამას პუტინი ამტკიცებს.
„როდესაც დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ხარ, ყოველთვის გაქვს დაძაბულობის განცდა. ამას გეუბებით, როგორც პრეზიდენტი. რაც შეეხება უკრაინის კონფლიქტს, ის, რომ, როგორც თქვენ ამბობთ, ვერ იმარჯვებს, ამ ომში ვერც თქვენ იმარჯვებთ. დღეს 50 ქვეყანა ფაქტობრივად რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის უკრაინის ტერიტორიაზე. იქ თქვენი მხრიდანაც არაა გამარჯვება. ამიტომ, უნდა დაიწყოს ძებნა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის გზების“,– თქვა ლუკაშენკომ.
13 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების რისკი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გამძლენი არიან უკრაინის დასავლელი პარტნიორები პუტინის შანტაჟის მიმართ და მიიღებს თუ არა ის ძლიერ გამაფრთხილებელ პასუხს.


