WP: რუსული სამთავრობო ელიტა რევოლუციასა და ხელისუფლების შეცვლაზე ალაპარაკდა
14/10/2022 12:22:29 მსოფლიო
რუსული ელიტის წარმომადგენლები უკრაინასთან ომის მე-8 თვეს რუსეთში ხელისუფლების შესაძლო შეცვლაზე ალაპარაკდნენ. პრეზიდენტ პუტინის 22-წლიანი მმართველობის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა. ელიტა თვლის, რომ პუტინმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, - იუწყება „The Washington Post“ რუსეთის რამდენიმე სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით.
"ჩვენ რევოლუციურ სიტუაციაში შევდივართ. ყველა ელის დღევანდელი დღისგან რაღაც განსხვავებულს - სხვა ხელმძღვანელობას, სხვა ომს. "ომის პარტია" უფრო მკაცრ მოქმედებას მოითხოვს, "მშვიდობის მტრედებს" კი ომი საერთოდ არ სურთ. მომწიფებულია პოლიტიკური სისტემის შეცვლის ჟამი, მაგრამ ზუსტად როგორ მოხდება ეს - ჯერ არ ვიცი" - განუცხადა გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით რუსეთის მთავრობის წარმომადგენელმა.
"ყველანი კალაპოტიდან ვართ ამოვარდნილები, განწყობა ძალიან ცუდია. რუსული ეკონომიკა ძალიან დაზიანდა, ხოლო განცხადებები იმის შესახებ რომ ქვეყანა შეძლებს, ექსპორტი ჩინეთსა და ინდოეთში გადაამისამართოს, ბლეფი აღმოჩნდა. სანქციების გამკაცრების ფონზე ფრონტიდან მომავალი ყოველი ახალი ცუდი ამბავი ახალ დარტყმად იქცევა ეკონომიკისთვის" - განაცხადა რუსეთის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით.
"მოცემული სტატუს-კვოთი არავინაა კმაყოფილი. ყველანი ვაცნობიერებთ, რომ როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო გამარჯვება შეუძლებელია, მაგრამ ასევე შეუძლებელია წაგებაც. ეს ყველაფერი ემსგავსება ჭადრაკის სიტუაცია ცუგცვანგს, როდესაც სვლა გასაკეთებელია, მაგრამ კარგი სხვლები არ არსებობს"- აცხადებს გამოცემასთან საუბრისას მესამე რუსი ჩინოსანი.
არადა, როგორც „The Washington Post“ აღნიშნავს, ჯერ კიდევ ზაფხულში რუსეთის მთავრობაში გარკვეული ოპტიმიზმი არსებობდა, სჯეროდათ გარდატეხის შესაძლებლობის.
"ახლა ამ რწმენისგან აღარაფერი დარჩა. ყველანი ვხედავთ, რომ მომავალი აღარ გვაქვს" - აღნიშნავს მეოთხე რუსი მაღალჩინოსანი.
ცნობისთვის: სამხედრო მობილიზაციამ ვლადიმირ პუტინის ისედაც კლებად რეიტინგს მძიმედ დაარტყა და მან ერთ კვირაში ერთბაშად 6%-ით იკლო. ფრონტიდან მომავალი კუბოების ახალი წყება ამ მხრივ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს, მოსახლეობის განწყობა მნიშვნელოვნად იცვლება.
"ვითარების შესაცვლელად პუტინის არსენალში მხოლოდ ერთი იარაღი დარჩა - ტაქტიკური ბირთვული დარტყმა, მაგრამ ამ პანდორის ყუთის გახსნა არავის სურს და გარდა ამისა, მსგავსი ესკალაცია შესაძლოა, ჩინეთმა დაბლოკოს. ამდენად, მაღალი ალბათობით, ომი გაგრძელდება იმ მომენტამდე, სანამ ერთ-ერთი მხარე მის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. პარალელურად დეკემბრიდან ამოქმდდება ნავთობ-ემბარგო და ზღვრული ფასი ჩვენს ნავთობზე. შესაბამისად, წლის ბოლოსთვის პუტინს ფული ამოეწურება, არადა, უკვე მოწოდებული შეიარაღებისთვის ირანისა და ჩრდილოეთ კორეისთვის ვალი აქვს გადასახდელი" - აღნიშნავს გამოცემასთან საუბრისას პარიზის Sciences Po-ს უნივერისტეტის პრორექტორი სერგეი გურიევი, რომელიც დარწმუნებულია, რომ "დეკემბრისთვის რუსეთში სულ სხვა რეალობა დადგება".
ამ ყველაფრის ფონზე რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერგეი სტეპაშინი სახელმწიფო სააგენტო «РИА Новости»-სთან ინტერვიუში გამოვიდა მოწოდებით, "1917 წლის რევოლუციის არდაშვებისა და რუსეთის ხელისუფლების სათავეში პუტინის 2030 წლამდე დატოვების შესახებ". "არ უნდა დავუშვათ 1917 წლის განმეორება, როდესაც ნიკოლოზ მეორეს უახლოესმა გარემოცვამ მას ზურგი აქცია. ვთვლი, რომ პუტინს მოუწევს, სურს თუ არა, ბოლომდე ატაროს თავისი ჯვარი. უკრაინის ომის ფონზე სრულიად ნათელი გახდა, რომ მას შემცვლელი არ ჰყავს, განსაკუთრებით ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის პირობებში" - განაცხადა სტეპაშინმა.
ცნობისთვის: 2020 წელს პუტინმა კონსტიტუციაში ცვლილებები განახორციელა, რომელიც მას თანამდებობაზე 2036 წლამდე დარჩენის შესაძლებლობას აძლევს.


