
"ვაკის პარკის" შადრევანში დაშავებული ერთი მოზარდი კლინიკიდან გაწერეს, მეორე კი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს
14/10/2022 11:37:47 საზოგადოება
"ვაკის პარკის" შადრევანში დაშავებული ერთი მოზარდი კლინიკიდან გაწერეს, მეორე კი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით, ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
მისი თქმით, ბავშვი აპარატიდან მოხსნეს და მან თავის მშობლებთან კომუნიკაცია შეძლო.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულ მოზარდს, იგი იაშვილის კლინიკიდან უკვე გაწერეს.
ცნობისთვის: 13 ოქტომბერს "ვაკის პარკში", შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და იგი ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
მომხდარის გამო ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერ კახა კალაძის გადადგომას მოითხოვს.
ვაკის პარკში 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შადრევანზე "გრინსერვის +" ასრულებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებზე ბოლო ინსპექტირება 2022 წლის 29 აგვისტოს არის ჩატარებული.
12 ოქტომბერს განახლებული შადრევნები საზეიმოდ გახსნა ქალაქის მერმა კახა კალაძემ.