Accentnews.ge
მედია: ლუკაშენკო ბელარუსში ფარულ მობილიზაციას იწყებს

მედია: ლუკაშენკო ბელარუსში ფარულ მობილიზაციას იწყებს

14/10/2022 11:38:48 მსოფლიო

ბელარუსის ხელისუფლებამ ქვეყანაში მობილიზაციის დაწყება გადაწყვიტა, მაგრამ რუსეთის გამოცდილების გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად არ გაჟღერდება, - წერს ადგილობრივი გამოცემა «Наша Нiва» რამდენიმე სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით.

მისივე ინფორმაციით, მობილიზაცია სამხედრო ნაწილების ბრძოლისუნარიანობის შემოწმებისა და გაწვევის ასაკის მოქალაქეთა შეკრებების საფარქვეშ ჩაივლის. სამხედრო კომისარიატებში აცხადებენ, რომ 12 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე პერიოდში ჩაატარებენ სააღრიცხვო მონაცემთა ბაზის შედარებას საწარმოებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არსებულთან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები ადრე ერთდროულად არასოდეს ჩატარებულა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ფარული მობილიზაციის ფარგლებში გაწვეულები იქნებიან უპირველესად იმ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მქონე რეზერვისტები, რომელთა დეფიციტიც რუსულ ჯარში შეიმჩნევა, მათ შორის - მძღოლები, ტექნიკური და საზურგე პერსონალი, მზარეულები, ანუ სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ, რუსულ ჯარს მობილიზებულთა მომზადებასა და მათთვის ტექნიკის მწყობრში მოყვანაში დაეხმარონ.

ზუსტი რაოდენობა მოქალაქეებისა, რომელთა მობილიზებაც ბელარუსში იგეგმება, ჯერ-ჯერობით უცნობია. როგორც გამოცემასთან საუბარშიუ ბელარუსის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, როცა რაოდენობა იქნება ცნობილი, მისით შესაძლებელი გახდება მიზნების დადგენა: "თუ მობილიზებული იქნება 2000-მდე ადამიანი, მაშინ შეგვეძლება საუბარი ცალკეული ნაწილების შევსებაზე კონკრეტული ვიწრო საბრძოლო ამოცანებისთვის, მაგალითად საარტილერიოსთვის. თუ რაოდენობა 5000-სს გადასცდება, ეს უკვე საგანგაშოა და იმის ნიშანი იქნება, რომ საუბარია რომელიღაც მიმართულებით შემტევი დაჯგუფების ჩამოყალიბებაზე, ხოლო თუ 10 000-სს გასცდება - რამდენიმე ასეთი დაჯგუფების შექმნაზე".

ცნობისთვის: ბელარუსში "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" გამოცხადდა.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ აღნიშნულის მიზეზად დაასახელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ცალკეული მოსაზღვრე სახელმწიფოების მხრიდან იგეგმება პროვოკაციები, დაკავშირებული ლამის ბელარუსის ტერიტორიის ცალკეული მონაკვეთების მიტაცებასთან“.

"დღეს ბელარუსს საფრთხის უნდა ეშინოდეს ყველა მხრიდან, აღმოსავლეთის გარდა", – განაცხადა მაკეიმ.

ბელარუსს აღმოსავლეთიდან რუსეთი ესაზღვრება. ბელარუსის მოსაზღვრე ქვეყნებია უკრაინა, პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვიაც.

უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსი რუსეთის მოკავშირეა, ნატო–ს და ევროკავშირის წევრი პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია კი, უკრაინის აქტიური მხარდამჭერები არიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S