
ჯანდაცვის მინისტრი – "ვაკის პარკში" მომხდარ ტრაგედიაზე: "პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ"
14/10/2022 11:02:22 პოლიტიკა, საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ახადებს, რომ "ვაკის პარკში" მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას თავადაც გრძნობს.
ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა აიღოს თუ არა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მორალური პასუხისმგებლობა, აზარაშვილმა შემდეგი განაცხადა:
„ფაქტი ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდი ფაქტია და პასუხისმგებლობას ამაზე მეც ვგრძნობ, ასეთი ფაქტი არ უნდა მომხდარიყო. ამ და სხვა პოლიტიკურ თემებზე დღეს არ გიპასუხებთ, ძალიან დამძიმებული ვარ ემოციურად, შიგნით ვიყავი და თვითონ ბავშვიც ვნახე“.
მინისტრმა "ვაკის პარკში", შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი ცოტა ხნის წინ „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოინახულა. მისი თქმით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.
ცნობისთვის: 13 ოქტომბერს "ვაკის პარკში", შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და იგი ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. კიდევ ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც დენმა დაარტყა, სტაბილურია. ბავშვი იაშვილის კლინიკაში რჩება. იგი კონტაქტურია და სავარაუდდო, რამდენიმე დღეში გაწერენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
მომხდარის გამო ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერ კახა კალაძის გადადგომას მოითხოვს.
ვაკის პარკში 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შადრევანზე "გრინსერვის +" ასრულებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებზე ბოლო ინსპექტირება 2022 წლის 29 აგვისტოს არის ჩატარებული.
12 ოქტომბერს განახლებული შადრევნები საზეიმოდ გახსნა ქალაქის მერმა კახა კალაძემ.