
ჯანდაცვის მინისტრი: "ვაკის პარკის" შადრევანში დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა"
14/10/2022 10:58:48 პოლიტიკა, საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, "ვაკის პარკში", შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. აზარაშვილმა რამდენიმე წუთის წინ, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ დაშავებული მოზარდი მოინახულა.
„ბავშვის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და ვფიქრობ, მომდევნო ერთი საათის განმავლობაში თვითონ ექიმი გააკეთებს კომენტარს და იქიდან გაიგებთ ყველა სხვა დეტალს“, - განაცხადა აზარაშვილმა.
ცნობისთვის: 13 ოქტომბერს "ვაკის პარკში", შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და იგი ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. კიდევ ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც დენმა დაარტყა, სტაბილურია. ბავშვი იაშვილის კლინიკაში რჩება. იგი კონტაქტურია და სავარაუდდო, რამდენიმე დღეში გაწერენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
მომხდარის გამო ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერ კახა კალაძის გადადგომას მოითხოვს.
ვაკის პარკში 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შადრევანზე "გრინსერვის +" ასრულებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებზე ბოლო ინსპექტირება 2022 წლის 29 აგვისტოს არის ჩატარებული.
12 ოქტომბერს განახლებული შადრევნები საზეიმოდ გახსნა ქალაქის მერმა კახა კალაძემ.