Accentnews.ge
რუსეთი "ჩრდილოეთ ნაკადების" სანაცვლოდ თურქეთისკენ ახალი გაზსადენების მშენებლობას გეგმავს

რუსეთი "ჩრდილოეთ ნაკადების" სანაცვლოდ თურქეთისკენ ახალი გაზსადენების მშენებლობას გეგმავს

14/10/2022 10:34:48 მსოფლიო

გაზსადენები "ჩრდილოეთ ნაკადი - 1" და "ჩრდილოეთ ნაკადი - 2" მათი აფეთქებების შემდეგ ასობით კილომეტრზე თავიდანაა ასაგები, თანაც გერმანიას მათი აღდგენის სურვილი ამ დრომდე არ გამოუთქვამს, ამდენად, უფრო ხელსაყრელია შავ ზღვაში, თურქეთის მიმართულებით ახალი გაზსადენების მშენებლობა, - განაცხადა რუსული "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა.

"ჩვენ უკვე მომავალი კვირიდან ვიწყებთ კონკრეტულ მოლაპარაკებებს შავ ზღვაში დაგეგმილ ამ ახალ პროექტთან დაკავშირებით" - აღნიშნა მილერმა.

ცნობისთვის, წარსულში "თურქული ნაკადი" მოიხსენიებოდა "სამხრეთ ნაკადად" და დაგეგმილი იყო 63 მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრის გაზსადენის მშენებლობა. "რუსეთს შეუძლია, ააშენოს ახალი სიმძლავრეები და თურქეთ-ევროკავშირის საზღვარზე გაზის ჰაბი შექმნას" - განმარტა მილერმა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ევროკავშირში რუსული გაზის მისაწოდებლად ქვეყანაში გაზის ჰაბის ჩამოყალიბება შესთავაზა. "ჩვენ შეგვიძლია, განვიხილოთ შესაძლებლობა იმისა, რომ აშენდეს კიდევ ერთი სისტემა და თურქეთში შეიქმნას გაზის ჰაბი მესამე ქვეყნებში, უპირველესად კი ევროპის სახელმწიფოებში მისაწოდებლად, თუკი რა თქმა უნდა, მათი მხრიდან დაინტერესება იქნება" - განაცხადა პუტინმა 13 ოქტომბერს ასტანაში გამართული სამიტის მსვლელობისას. მისივე თქმით, რუსეთს შეუძლია, დაკარგული ნაკადები "ჩრდილოეთ ნაკადებიდან" შავი ზღვის რეგიონში გადაამისამართოს და რუსული გაზის ევროპისთვის მიწოდების ძირითადი მარშრუტი თურქეთზე გაატაროს. "თუკი ჰაბი ამოქმედდება, იქ გაზის ფასი ნორმალურ საბაზრო დონეზე განისაზღვრება" - დასძინა პუტინმა.

ცნობისთვის: "ჩრდილოეთ ნაკადის" 4 ხაზიდან 3-ზე ავარიები 26 სექტემბერს მოხდა. პუტინმა მომხდარში "ანგლოსაქსები" დაადანაშაულა და მომხდარს "საერთაშორისო ტერორიზმის აქტი" უწოდა. მისივე თქმით, "ამ ყველაფრის ბენეფიციარი აშშ-ია, რომელსაც სურს, რუსული გაზი თავისი ნაკლებ კონკურენტული თხევადი გაზით ჩაანაცვლოს". ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიას "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის დარჩენილი ხაზის ამოქმედება შესთავაზა და მიწოდებების დაწყების მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა გერმანიას დაინტერესება ამ დრომდე არ გამოუხატავს.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაზსადენების აფეთქებების უკან თავად რუსეთი დგას. "სწორედ მათ ააფეთქეს "ჩრდილოეთ ნაკადი 1". სამომავლოდ კიდევ ააფეთქებენ თავისთან რამეს - მათთვის აბსოლუტურად სულერთია, ეს მათი სტილია. მერე ჩვენ დაგვადანაშაულებენ და დაარტყამენ ჩვენს გაზსატრანსპორტო სისტემას - იტყვიან ეს ჩვენი პასუხი იყოო" - განაცხადა ზელენსკიმ გერმანული გამოცემა ZDFheute Nachrichten - თვის მიცემულ ინტერვიუში. ზელენსკი მაშინვე ვარაუდობდა, რომ პუტინი ევროპას "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის ამოქმედებას შესთავაზებდა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. "ახლა საჭიროა მტკიცე პოზიციის დაფიქსირება: თუ რუსეთი ევროპის ენერგოსისტემის აფეთქებას განაგრძობს იქნება ეს რუსეთის, უკრაინის თუ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე, "ჩრდილოეთ ნაკადი 2" არ ამოქმედდება და სანქციები არ მოიხსნება" - განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S