ევროკავშირის მისია, რომელიც აზერბაიჯანის საზღვართან იმუშავებს, უკვე სომხეთშია
14/10/2022 10:11:41 მსოფლიო
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს იმუშავებს, უკვე სომხეთშია. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სპეციალურმა წარმომდგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა გაავრცელა.
“ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ ოპერატიულად უპასუხა სომხეთის მოთხოვნას. ევროკავშირის მისიის განთავსების მიზანია სიტუაციის მონიტორინგი და სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების სტაბილიზაციის მხარდაჭერა”, – წერს ტოივო კლაარი სოციალურ ქსელში.
“ნდობის აღდგენისა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციის კომისიების სამუშაო პროცესის მხარდასაჭერად”, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სომხეთის ტერიტორიაზე განთავსების გადაწყვეტილება 6 ოქტომბერს პრაღაში ოთხმხრივი შეხვედრის ფარგლებში მიიღეს.


