Accentnews.ge
რუსეთში მობილიზაციის კუთხით შექმნილი პრობლემების ფონზე ახალ გამოსავალს მიაგნეს

რუსეთში მობილიზაციის კუთხით შექმნილი პრობლემების ფონზე ახალ გამოსავალს მიაგნეს

14/10/2022 09:47:09 მსოფლიო

რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის კონტექსტში შექმნილი პრობლემების შემდეგ, რასაც პროცესზე დამკვირვებლები „ჩავარდნას უწოდებენ“, ახალ გამოსავალს მიაგნეს. როგორც რუსული ტელეგრამ–არხები იუწყებიან, მაგალითად სანქტ-პეტერბურგის რამდენიმე რაიონში რეიდები დაიწყო: პოლიცია, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ მამაკაცებთან ერთად დილიდან ბლოკავს საცხოვრებელი კორპუსების გასასვლელებს და ახალგაზრდა კაცებს, რომლებიც სამსახურში მიდიან, სადარბაზოდან გასვლის შესაძლებლობას არ აძლევენ, ვიდრე არ აიღებენ გაწვევის დოკუმენტს.

ასევე იტყობინებიან, რომ რეზერვისტების ძებნის პროცესში ყველა ბინის კარზე აკაკუნებენ და რეკენ ზარს. მსგავსი ქმედებები წინა დღითაც დააფიქსირეს, როდესაც ყურადღება კორპუსებთან მობილიზებულმა პოლიციელებმა მიიპყრეს. გამოქვეყნდა გაწვევის დოკუმენტის დილის 7:30 საათზე გადაცემის ამსახველი ვიდეოც.

მანამდე ცნობილი იყო, რომ ბინებში ჩამოვლა სკოლის მასწავლებლებს დაავალეს.

მსგავსი გადაწყვეტილება ოპოზიციონერებისა და იურისტების ინტენსიური საინფორმაციო კამპანიის კვალდაკვალ მიიღეს. კერძოდ, იურისტები რუსეთის კანონმდებლობის საფუძველზე მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, რომ არ გამოცხადებულიყვნენ კომისარიატებში იმედით, რომ გაწვევას ჯანმრთელობის, ოჯახური მდგომარეობის თუ სხვა სერიოზული საფუძვლით გადაუვადებდნენ, რადგან მსგავსი არგუმენტები ამჟამად მათ სტატუსზე გავლენას ვერ მოახდენს და ისინი აუცილებლად დაექვემდებარებიან გაწვევას, როგორც ამას პრაქტიკა აჩვენებს. მათი განმარტებით, კომისარიატში მისულეს აუცილებლად ჩააბარებენ გაწვევის შესახებ დოკუმენტს, ხოლო ამის შემდეგ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება, ახლახანს მიღებული კანონი, 15–წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ხოლო თუ პირს ვერ ჩააბარებენ გაწვევის დოკუმენტს, ეს მხოლოდ ადმინისტრაციული დარღვევაა. შესაბამისად, მათი მთავარი მოწოდებაა: „არ გამოცხადდეთ კომისიარიატში! არ აიღოთ გაწვევის ფურცელი!“.

„ნაწილობრივი“ მობილიზაცია რუსეთში 21 სექტემბერს გამოცხადდა, რაც რუსეთიდან მოქალაქეთა გადინების ახალი ტალღის საფუძვლად იქცა – ქვეყანა ათასობით პირმა დატოვა. პარალელურად ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც მობილიზებულები „არაადამიანური პირობებისა და მოპყრობის“ შესახებ ჩივიან. პრობლემაა კვება, ზამთრის სამოსი, აღჭურვილობა, თავშესაფარი. მობილიზებულები ამბობენ, რომ საკუთარი სახსრებით უწევთ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება. დაფიქსირდა სამხედრო ნაწილებში მობილიზებულთა თვითმკვლელობის, მკვლელობის, გარდაცვალების შემთხვევები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S