Accentnews.ge
დევი მეზურნიშვილი: "სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული, ორის გამოყვანა შევძელი, სადამდეც გამიძლო ორგანიზმმა"

დევი მეზურნიშვილი: "სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული, ორის გამოყვანა შევძელი, სადამდეც გამიძლო ორგანიზმმა"

14/10/2022 08:07:41 საზოგადოება

მებაღე დევი მეზურნიშვილი, რომელმაც "ვაკის პარკის" შადრევანში ბავშვები გადაარჩინა, შემთხვევის დეტალებს იხსენებს.

იგი "ფორმულასთან" ამბობს, რომ რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა, რომ წყლიდან ამოყვანილი ბავშვები გადაერჩინა.

"სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, ორის გამოყვანა შევძელი, სადამდეც გამიძლო მეც ალბათ, თვითონ ორგანიზმმა, სამწუხაროა, რომ მესამე ბავშვი ვერ გადარჩა, ნეტა ისიც გადარჩენილიყო და არ მომხდარიყო ეს ამბავი. პირველი დახმარება მე მომიწია, ხალხიც უამრავი იყო, ყველა ცდილობდა მის დახმარებას, სასწრაფოც მალე მოვიდა", - ამბობს დევი მეზურნიშვილი "ფორმულასთან".

მისი თქმით, წყლიდან ამოყვანის შემდეგ ბავშვები უგონოდ იყვნენ და არ სუნთქავდნენ.

მეზურნიშვილი ამბობს, რომ ბავშვი, რომელიც პირველად ამოიყვანა მოძრაობდა, სხვებს სასიცოცხლო ნიშნები არ ემჩნეოდათ.

ცნობისთვის: 13 ოქტომბერს "ვაკის პარკში", შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და იგი ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. კიდევ ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც დენმა დაარტყა, სტაბილურია. ბავშვი იაშვილის კლინიკაში რჩება. იგი კონტაქტურია და სავარაუდდო, რამდენიმე დღეში გაწერენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

მომხდარის გამო ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერ კახა კალაძის გადადგომას მოითხოვს.

ვაკის პარკში 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შადრევანზე "გრინსერვის +" ასრულებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებზე ბოლო ინსპექტირება 2022 წლის 29 აგვისტოს არის ჩატარებული.

12 ოქტომბერს განახლებული შადრევნები საზეიმოდ გახსნა ქალაქის მერმა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S