
"ვაკის პარკში" დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა
14/10/2022 07:20:02 საზოგადოება
"ნიუ ჰოსპიტალის" ექიმი აცხადებს, რომ "ვაკის პარკში" დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.
"ჯერ–ჯერობით ისევ მართვით სუნთქვაზეა, მედიკამენტური ძილის მდგომარეობაში, აღინიშნა ცხელების ეპიზოდი, თუმცა ამჟამად ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია. ჩაუტარდა კვლევები, კვლევებით რაიმე მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები თავის ტვინის ამ ეტაპზე არ აღინიშნება. ის, რომ პირველი თითქოს 24 საათის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუარესდა, ეს მნიშვნელოვანია", - ამბობს რეანიმატოლოგი გიორგი კვიცინაძე.
კიდევ ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც დენმა დაარტყა. სტაბილურია. ბავშვი იაშვილის კლინიკაში რჩება. იგი კონტაქტურია და სავარაუდდო, რამდენიმე დღეში გაწერენ.
ცნობისთვის: 13 ოქტომბერს "ვაკის პარკში", შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და იგი ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
მომხდარის გამო ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერ კახა კალაძის გადადგომას მოითხოვს.
ვაკის პარკში 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შადრევანზე "გრინსერვის +" ასრულებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებზე ბოლო ინსპექტირება 2022 წლის 29 აგვისტოს არის ჩატარებული.
12 ოქტომბერს განახლებული შადრევნები საზეიმოდ გახსნა ქალაქის მერმა კახა კალაძემ.