ISW: "კრემლი მობილიზაციის პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს"
14/10/2022 06:23:20 მსოფლიო
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) შეფასებით, უკრაინაზე ბოლოდროინდელი სარაკეტო დარტყმებით კრემლი განაგრძობს ნაციონალისტურად განწყობილი საზოგადოების დროებით დამშვიდების გეგმით მოქმედებას და ცდილობს, ყურადღება გადაიტანოს მობილიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებიდან.
ამერიკელი ექსპერტების თანახმად, პირველმა საჯარო ცნობებმა უკრაინასთან საომრად მობილიზებულთა სიკვდილის შესახებ, რუსეთში სამხედრო ხელმძღვანელობისადმი კრიტიკის ახალი ტალღა გამოიწვია. ამ ინფორმაციის საფუძველზე რუსეთში ბევრმა სამხედრო ბლოგერმა არ გამორიცხა, რომ მობილიზებულებს შორის დაღუპულების და დაჭრილების რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალურად აცხადებენ.
როგორც ერთ-ერთმა სამხედრო ბლოგერმა დაწერა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უუნარობა, ოჯახებს აცნობოს ნათესავების ადგილსამყოფელი, იმას გამოიწვევს, რომ მობილიზებულთა დედები და ცოლები უფლებადამცველ ჯგუფებს შექმნიან და „რუსეთს შიგნიდან დაანგრევენ".
რუსეთის პრეზიდენტმა ვალდიმირ პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" 21 სექტემბერს გამოაცხადა.


