
მცხეთობის დღესასწაულის ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო
14/10/2022 06:13:51 საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, "ვაკის პარკში", შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის ბავშვის დაღუპვის გამო მცხეთობის დღესასწაულის ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო.
„ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვინაიდან გადაიდო ყველა საზეიმო ღონისძიება, მათ შორის, მცხეთობის საერო დღესასწაულიც, სვეტიცხოვლობის წირვაზე წამსვლელებს თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება და მანქანების საშვები აღარ იქნება საჭირო", - აცხადებენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამძიმარის წერილი გამოაქვეყნა 13 წლის მარიამ (მარიტა) მეფარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე - საქართველოში უქმე დღეა.
13 ოქტომბერს "ვაკის პარკის" შადრევანში 3 მოზარდს დენმა დაარტყა. ერთ–ერთი მათგანი გარდაიცვალა, ერთის მდგომარეობა მძიმეა. მესამე ბავშვი კონტაქტურია.