
თბილისის მერიასთან აქცია “არა სიკვდილით სავსე ქალაქს” მიმდინარეობს
13/10/2022 14:49:05 საზოგადოება
თბილისის მერიასთან აქცია “არა სიკვდილით სავსე ქალაქს” მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, "ვაკის პარკში" მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მერის ჩათვლით ყველა იმ ადამიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ვინც კონკრეტულ კომპანიას პროექტი ჩააბარა.
აქციის მონაწილის, მოძრაობა “სირცხვილიას” წევრის მარიამ დოლიძის განცხადებით, კახა კალაძემ უნდა გაიაზროს ვალდებულება და დატოვოს დატოვებული თანამდებობა.
"ყველა ჩვენგანს ეხება ეს ტრაგედია. თბილისის მარიამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი კონკრეტულად, ქალაქის მერმა. მსგავს შემთხვევებში ხშირად არის, რომ მხოლოდ ქვედა რგოლის წარმომადგენლებზე ტყდება ჯოხი და მენეჯმენტი გამოდის სუფთა. მერის ჩათვლით ყველა იმ ადამიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ვინც კონკრეტულ კომპანიას ჩააბარა პროექტი, ვისგანაც ჩაიბარა ეს პროექტი და შემდეგ, ვინც წარუდგინა საზოგადოებას, როგორც დასრულებული პროექტი”,- განაცხადა დოლიძემ.
მერიას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
ცნობისთვის: "ვაკის პარკში", შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და იგი ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ორი მოზარდიდან კი ერთი მალევე გაწერეს, ერთი ბავშვი კი კლინიკაში რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
ვაკის პარკში 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შადრევანზე "გრინსერვის +" ასრულებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებზე ბოლო ინსპექტირება 2022 წლის 29 აგვისტოს არის ჩატარებული.
გუშინ განახლებული შადრევნები საზეიმოდ გახსნა ქალაქის მერმა კახა კალაძემ. მან დღეს განაცხადა, რომ მომხდარს გამოიძიებენ და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.