
თბილისი აფხაზ მეცნიერებს EURAXESS-ში მონაწილეობას სთავაზობს
17/10/2019 11:09:30 კონფლიქტები, სხვა, საზოგადოება
თბილისი აფხაზ მეცნიერებს ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთშორის ორგანიზაციაში (EURAXESS) მონაწილეობას სთავაზობს, თუმცა მათ EURAXESS–თან წვდომა მხოლოდ საქართველოს დროშის ქვეშ შეეძლებათ.
„EURAXESS არის ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაცია, რომელიც ფლობს უნიკალურ პლატფორმას, სადაც გაერთიანებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ასევე მაღალტექნოლოგიური სახელმწიფოები. საქართველოს ამ ორგანიზაციის 41–ე წევრი ქვეყანა გახდა. საქართველოს გარდა, პოსტსაბჭოთა სივრციდან ამ ორგანიზაციაში დღემდე მხოლოდ მოლდოვა იყო. EURAXESS–ში გაწევრიანება ქართველ მეცნიერებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ, როგორც ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ, ასევე 41–ივე წევრი ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივ სამეცნიერო–კვლევით კონკურსებში“, – განუცხადა „აქცენტს“ რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ.
მისივე თქმით, EURAXESS-ის საქართველოს ვებ–გვერდი, ქართულთან ერთად, აფხაზურ ენაზეც იმუშავებს და იგი 2020 წლის იანვრიდან ამოქმედდება.
„ჩვენ ვთავაზობთ აფხაზ მეცნიერებს, ქართველ მეცნიერებთან ერთად მიიღონ კვლევით კონკურსებში მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში ერთობლივი სამეცნიერო კვლევები აწარმოონ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოს დროში ქვეშ. ჩვენ უკვე გავაკეთეთ საჯარო განცხადება. ვფიქრობ, ისინი ინფორმირებულები არიან, თუმცა ამ დრომდე ჯერ არავინ გამოგვხმაურებია. ვიმედოვნებთ, იანვრიდან, როცა პროგრამა ამუშავდება და პლატფორმაზე წვდომა გაჩნდება, მათი მხრიდან დაინტერესებაც გამოიხატება“, – დასძინა ზვიად გაბისონიამ.