მედია - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად აღიარებს და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს
13/10/2022 13:53:21 მსოფლიო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად არის აღიარებული, -იუწყება უკრაინული მედია საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელ მარია მეზენცევასა და დელეგაციის წევრზე ოლექსი გონჩარენკოზე დაყრდნობით.
მისი ცნობით, რეზოლუციას მხარი 99-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა, კენჭისყრაში მონაწილეობისგან კი თავი ერთმა დეპუტატმა შეიკავა.
გონჩარენკოს განცხადებით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის რეჟიმი ტერორისტული რეჟიმია. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ისტორიაში პირველად ევროპის საბჭომ გამოაცხადა, რომ აუცილებელია ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება.
ამასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან.
ასევე, ასაბლეის წევრები მოუწოდებენ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან და მოლდოვიდან. ამასთან, ასამბლეა მოუწოდებს ეუთო-ს, გააგრძელოს შესაბამისი ინსტრუმენტებით საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შეფასება.
ამას გარდა, საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ევროსაბჭოს წევრებს, დააჩქარონ სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულთა გამოსაძიებლად.


