
პრეზიდენტი: "მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს"
13/10/2022 13:50:03 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ვაკის პარკში" მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და აცხადებს, რომ მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს.
"შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს. როგორც ადამიანი შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს" ,- წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის: "ვაკის პარკში", შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და იგი ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ორი მოზარდიდან კი ერთი მალევე გაწერეს, ერთი ბავშვი კი კლინიკაში რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
ვაკის პარკში 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შადრევანზე "გრინსერვის +" ასრულებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებზე ბოლო ინსპექტირება 2022 წლის 29 აგვისტოს არის ჩატარებული.
გუშინ განახლებული შადრევნები საზეიმოდ გახსნა ქალაქის მერმა კახა კალაძემ. მან დღეს განაცხადა, რომ მომხდარს გამოიძიებენ და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.