Accentnews.ge
"თავზარდამცემია, რომ იმ ადგილებში, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ბავშვების გართობას, არ არის დაცული მათი სიცოცხლე"

"თავზარდამცემია, რომ იმ ადგილებში, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ბავშვების გართობას, არ არის დაცული მათი სიცოცხლე"

13/10/2022 13:32:57 საზოგადოება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისში, "ვაკის პარკში" მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმიანება და აცხადებს, რომ "თავზარდამცემია, რომ იმ ადგილებში, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ბავშვების გართობას, არ არის დაცული მათი სიცოცხლე".

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დღეს მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს და ახლობლებს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულ ბავშვებს, რომლებიც ამჟამადაც იღებენ სამედიცინო დახმარებას.შემზარავი და თავზარდამცემია, რომ ქალაქში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ბავშვების გართობას და სრულფასოვან განვითარებას, არ არის დაცული მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება. წარმოუდგენელია, რომ ბავშვები მსგავსი ტრაგედიის მსხვერპლნი ხდებიან. აუცილებელია, მოხდეს ამ ფაქტის დროული და ეფექტიანი გამოძიება და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელსაც წვლილი მიუძღვის ამ უმძიმეს ტრაგედიაში. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ მძიმე დროს სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდეს მკაფიო განცხადებები, გაეცეს პასუხი საზოგადოებაში არსებულ კითხვებს და გაზიარებული იყოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით", – აცხადებს ლომჯარია.

ცნობისთვის: "ვაკის პარკში", შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და იგი ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ორი მოზარდიდან კი ერთი მალევე გაწერეს, ერთი ბავშვი კი კლინიკაში რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

ვაკის პარკში 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შადრევანზე "გრინსერვის +" ასრულებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებზე ბოლო ინსპექტირება 2022 წლის 29 აგვისტოს არის ჩატარებული.

გუშინ განახლებული შადრევნები საზეიმოდ გახსნა ქალაქის მერმა კახა კალაძემ. მან დღეს განაცხადა, რომ მომხდარს გამოიძიებენ და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S