Accentnews.ge
მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი: "შადრევანი შემოწმებულიც იყო და დაექსპერტებულიც"

მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი: "შადრევანი შემოწმებულიც იყო და დაექსპერტებულიც"

13/10/2022 13:02:43 საზოგადოება

თბილისში, "ვაკის პარკში" მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციამ მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გიგა გიგაშვილი გამოკითხა.

მისი თქმით, "ვაკის პარკის" შადრევანი, სადაც ბურთით მოთამაშე მოზარდებს დღეს დენმა დაარტყა და ერთი მათგანი გარდაიცვალა, ექსპლუატაციაში გაშვებამდე შემოწმებული და შესაბამისად, უსაფრთხო იყო.

"შემოწმებულიც არის და დაექსპერტებულიც. ჩვენ ჩავიბარეთ ექსპერტიზის საფუძველზე. აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაიბარა, რომლის სახელიც არ მახსოვს ზეპირად" - უთხრა პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს გიგა გიგაშვილმა.

მისი თქმით, მერიის თანამშრომლები სისტემატურად წმენდნენ შადრევანს როგორც ჩართულ, ისე გამორთულ მდგომარეობაში.

"დატესტილიც იყო, დაექსპერტებულიც, რა მოხდა, გამოძიება დაადგენს. ახლა ამ მომენტში რა მოხდა, ვერავინ ვერ გეტყვით. შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს. დილითაც გაიწმინდა შადრევანი, ჩვეულებრივად ჩაირთო. რაიმე პრობლემა რომ ჰქონოდა, ექსპლუატაციაშიც ვერ შევიდოდა. რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული. ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, ჩართულსაც, გამორთულსაც", - ამბობს გიგაშვილი.

ცნობისთვის: "ვაკის პარკში", შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და იგი ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ორი მოზარდიდან კი ერთი მალევე გაწერეს, ერთი ბავშვი კი კლინიკაში რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

ვაკის პარკში 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შადრევანზე "გრინსერვის +" ასრულებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებზე ბოლო ინსპექტირება 2022 წლის 29 აგვისტოს არის ჩატარებული.

გუშინ განახლებული შადრევნები საზეიმოდ გახსნა ქალაქის მერმა კახა კალაძემ. მან დღეს განაცხადა, რომ მომხდარს გამოიძიებენ და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S