
"ვაკის პარკში" დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება
13/10/2022 12:54:13 საზოგადოება
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ციბაძის განცხადებით," ვაკის პარკში" დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი კვლავ ხელოვნურ სუნთქვაზე რჩება.
ცანაძის თქმით, მოზარდის სასიცოცხლო ფუნქციები ამ ეტაპზე ნორმის ფარგლებშია.
"ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით კვლევა. ვიმედოვნებთ, რომ კარგად იქნება. თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები, რომლებიც ვიცით და ველოდებით. მზად ვართ, ამ გართულებებისთვის. ბავშვი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ანუ ხელოვნურ სუნთქვაზე, გონება დაბინდულია. იყო ელექტროტრავმა, შოკი. მიიყვანეს ხეჩინაშვილში, სადაც ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაიყვანეს, შემდეგ მოხდა ჩვენთან გადმოყვანა“, - განაცხადა დავით ციბაძემ.
ცნობისთვის: "ვაკის პარკში", შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და იგი ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ორი მოზარდიდან კი ერთი მალევე გაწერეს, ერთი ბავშვი კი კლინიკაში რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.