ISW: "რუსეთს უკრაინაში სავარაუდოდ, "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ინსტრუქტორები ეხმარებიან"
13/10/2022 06:02:04 მსოფლიო
რუსეთს უკრაინაში სავარაუდოდ, "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ინსტრუქტორები ეხმარებიან, – იუწყება ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" (ISW).
მისი ცნობით, "რუსეთმა სავარაუდოდ, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ კავშირის მქონე პერსონალი ჩაიყვანა უკრაინის ოკუპირებულ რაიონებში, რათა რუს სამხედროებს ასწავლონ ირანული უპილოტო საფრენი აპარატების Shahed-136-ის გამოყენება".
ირანული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს Shahed-136-ს, რომლებსაც რუსეთმა სახელი შეუცვალა და „გერანი-2“ დაარქვა, რუსული არმია აქტიურად იყენებს უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის, მათ შორის ინფრასტრუქტურის ობიექტების წინააღმდეგ. 11 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა საგანგებო, ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა ირანს დაუკვეთა კიდევ 2400 ასეთი აპარატი.


