უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან AMRAAM-ის ტიპის რაკეტებს მიიღებს
13/10/2022 05:55:09 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი უკრაინას საშუალო მანძილზე მოქმედების AIM-120(AMRAAM)–ის ტიპის რაკეტებს გადასცემს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინა ამ რაკეტებს გამოიყენებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის (NASAMS), რომლებიც აშშ-ისგან უნდა მიიღოს.
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი უკრაინას სხვა ტიპის რაკეტებს, უპილოტო საფრენ აპარატებს და კიდევ 18 ჰაუბიცას გაგზავნის.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის განცხადებით, შეიარაღება, რომელსაც უკრაინას გადასცემენ, დაეხმარება თავდასხმებისგან ცის დაცვასა და საჰაერო თავდაცვის სისტემის განმტკიცებაში.
საჰაერო თავდაცვის სისტემებით უკრაინის დახმარების საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც 10 ოქტომბერს, რუსეთმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე.


