ხერსონში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ორი ოფიცერი მოკლეს
12/10/2022 19:20:35 მსოფლიო
სევასტოპოლში 12 ოქტომბერს დაკრძალეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრები რუსლან პადურარი და ფანის მალიბაევი, რომლებიც დაიღუპნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში,– ამის შესახებ თავის ტელეგრამ–არხზე დაწერა სევასტოპოლის რუსმა ხელმძღვანელმა მიხეილ რაზვოჟაევმა.

მისი თქმით, პადურარი დაიბადა სევასტოპოლში, მალიბაევში - რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქის, ყიზილსკის რაიონის სოფელ გრანიტში. ორივე მზვერავი მონაწილეობდა სირიის ომში. პადურარმა წელს დაამთავრა შავი ზღვის უმაღლესი სამხედრო–საზღვაო სასწავლებელი.
”ჩვენი ორივე ბიჭი ერთად დაიღუპა ხერსონში, სარდლობის სპეციალური დავალებების შესრულებისას, ”- თქვა რაზვოჟაევმა.
რამდენიმე დღის წინ სევასტოპოლში კიდევ ერთი დაზვერვის ოფიცერი იგორ რუსანოვი დაკრძალეს. ისიც ხერსონის მიმართულებაზე დაიღუპა.
ყირიმსა და სევასტოპოლში აგრძელებენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს დაღუპული რუსი სამხედროების დაკრძალვას. სევასტოპოლის რუსეთის ხელმძღვანელის მიხეილ რაზვოჟაევის ცნობით, 24 თებერვლიდან სევასტოპოლში 55 რუსი ჯარისკაცი დაკრძალეს. ყირიმში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ, თუმცა დაკრძალვები შედგა ალუშტაში, სუდაკში, საკიში, ქერჩსა და იალტაში.


