აშშ 24–საათიან რეჟიმში ადევნებს თვალს რუსეთის ატომური ძალების მზაობის მცირე ცვლილებებსაც – ოსტინი
12/10/2022 18:59:52 მსოფლიო
აშშ 24–საათიან რეჟიმში ადევნებს თვალს რუსეთის ატომური ძალების მზაობის მცირე ცვლილებებსაც,– ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ. ჩვენ ვაგრძელებთ ამაზე ჩვენი ყურადღების ფოკუსირებას და თვალს ვადევნებთ ნებისმიერი ტიპის ნიშნებს, რომლებიც მოასწავებდა, რომ მას [პუტინს] სხვა მიმართულებით შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება”, - აღნიშნა ოსტინმა.
მისი თქმით, ამ მომენტისთვის აშშ-ს რუსეთის ატომური ძალების მზაობის ცვლილების “არანაირი ნიშანი არ შეუმჩნევია, რომელიც ამაში დაგვარწმუნებდა”.
ამავდროულად, თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ ეს ისეთი რამ არ არის, რასაც შეიძლება, ერთხელ შეხედო და დამშვიდდე.
მანამდე ანალოგიური განცხადება გააკეთა ნატო–ს გენმდივანმაც.
12 ოქტომბერს Reuters–მა ნატოელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთის ბირთვული დარტყმა შეცვლის უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის მსვლელობას და დიდი ალბათობით, გამოიწვევს კიევის მოკავშირეების და პოტენციურად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის "ფიზიკურ პასუხს.
მაღალჩინოსნის თქმით, რომელსაც გამოცემა ციტირებს, რუსეთის მიერ ატომური იარაღის ნებისმიერ გამოყენებას ექნება მისთვის "უპრეცედენტო შედეგები" და "სავარაუდოდ, გამოიწვევს მრავალი მოკავშირის და პოტენციურად, თავად ნატოს ფიზიკურ პასუხს".
ალიანსის წარმომადგენელმა დასძინა, რომ რუსეთი თავისი ბირთვული მუქარით უპირველეს ყოვლისა, ცდილობს, ხელი შეუშალოს ნატოს და სხვა სახელმწიფოების პირდაპირ ჩართვას უკრაინის ომში.
11 ოქტომბერს ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ "რუსეთმა იცის, რომ ბირთვულ ომს ვერ მოიგებს და არც არასოდეს უნდა იბრძოლოს“.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ბირთვულ ძალებს. ჩვენ ამ დრომდე არ გვინახავს რაიმე ცვლილება მათ გადაადგილებაში, თუმცა ფხიზლად ვართ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
დასავლეთმა რუსეთი არაერთხელ გააფრთხილა, რომ თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.


