Accentnews.ge
„ეს შეხვედრა ისტორიულია“: უკრაინაში საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებაზე მიანიშნეს

„ეს შეხვედრა ისტორიულია“: უკრაინაში საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებაზე მიანიშნეს

12/10/2022 17:23:10 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა რამშტაინის ფორმატის ბოლო შეხვედრას "ისტორიული" უწოდა და მიანიშნა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გადაწყვეტილებებზე.

"კიდევ ერთი რამშტაინი. ეს შეხვედრა ისტორიულია, რადგან მიიღება გადაწყვეტილებები უკრაინის ცის "დახურვის შესახებ". ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება. ჩვენ მუდმივ დიალოგში ვართ ჩვენს მოკავშირეებთან. სწორედ უკრაინის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო ჩვენი ბოლო საუბრის თემა ჯეიკ სალივანთან (აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი - რედ.)“ - წერს ერმაკი.

როგორც ცნობილია, შეხვედრის გახსნისას აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ჯარებმა, დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის მხარდაჭერით, შეცვალეს ომის დინამიკა.

გარდა ამ ჯგუფის შეხვედრისა, ბრიუსელი ასევე უმასპინძლებს ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას. გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება შეხვედრის მთავარი პრიორიტეტი იქნება.

12 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა პირველი IRIS-T სისტემის მიღება გერმანიიდან და კიდევ ოთხი HIMARS–ის შეერთებული შტატებიდან.

ამასთან, დღის განმავლობაში რამდენიმე სიახლის შესახებ გახდა ცნობილი. კერძოდ, გერმანია უკრაინას დამატებით PzH2000 თვითმავალ ჰაუბიცებსა და MARS II ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გადასცემს.

“რამშტაინის” ფორმატში შეხვედრა განსაკუთრებულ დროს მიმდინარეობს: რუსეთის სარაკეტო დარტყმები და ნაწილობრივი მობილიზაცია, ფსევდორეფერენდუმები და უკრაინის კონტრიერიში. ჩვენი მიმდინარე დახმარების კოორდინირებას ვახდენთ. უახლოეს რამდენიმე კვირაში უკრაინას გადაეცემა დამატებითი PzH2000 და MARS II”, - წერს გერმანიის თავდაცვის ფედერალური სამინისტრო შეიარაღების ზუსტი რაოდენობის დაკონკრეტების გარეშე.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა ბრიუსელში “რამშტაინის” ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ნიდერლანდები უკრაინას 15 მილიონი ევროს ღირებულების საზენიტო რაკეტებს გადასცემს.

“ერთადერთი შედეგი, რომელსაც პუტინი მიაღწევს არის ის, რომ ჩვენ უფრო მეტს მივაწვდით [უკრაინას] ასეთი სახის თავდასხმების გამო”, - აღნიშნა ოლონგრენმა.

როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული საზენიტო რაკეტები კიევისთვის სხვა სახელმწიფოების მიერ მიწოდებულ საზენიტო დანადგარებში იქნება გამოყენებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S