ილონ მასკმა უკრაინას ყირიმში Starlink-ის გამოყენება აუკრძალა – INSIDER
12/10/2022 15:56:19 მსოფლიო
გამოცემა INSIDER წერს, რომ სამშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ილონ მასკმა პირადად უარყო უკრაინის მოთხოვნა SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტის ყირიმში გაფართოების შესახებ. კომპანიის გენერალური დირექტორი შიშობს, რომ უკრაინის მიერ ნახევარკუნძულის რუსეთის კონტროლისგან დაბრუნების მცდელობამ შესაძლოა ბირთვული ომი გამოიწვიოს.
თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-მა და ილონ მასკმა კიევს Starlink-ის ათასობით სისტემა გადასცა. ამან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალება მისცა, კავშირი დაემყარებინა ე.წ მკვდარ ზონაში. Yahoo News-ის ცნობით, ენერგოეფექტური სატელიტური მიმღებების მეშვებით უკრაინას საშუალება მიეცა მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატებით რეალურ დროში მიეღო ინფორმაცია რუსული ძალების გადაადგილების და მათი სამიზნე ობიექტების შესახებ. თუმცა, ბოლო კვირებში პრობლემები წარმოიშვა. გასულ კვირაში გამოცემა Financial Times წერდა, რომ სისტემას „კატასტროფული“ ხარვეზები აქვს ფრონტის ხაზზე. გაჩნდა ეჭვი, რომ ის გათიშეს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, შესაძლოა იმის გამო, რომ ის კრემლს არ გამოეყენებინა.
მასკმა "ტვიტერში" დაწერა, რომ არ შეუძლია ბრძოლის ველზე არსებული ვითარების კომენტირება, რადგან ეს „გასაიდუმლოებულია“, თუმცა სექტემბრის ბოლოს Eurasia Group-ის ანალიტიკოსთან იან ბრემერთან საუბარში დაადასტურა, რომ სატელიტური სერვისი განზრახ გათიშეს.
არც SpaceX-ს და არც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს არ გაუკეთებია კომენტარი ამ საკითხზე.
მასკმა Eurasia Group-ის ანალიტიკოსთან ბრემერთან საუბარში თქვა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მას Starlink-ის გააქტიურება სთხოვა ყირიმში, სადაც 2014 წელს რუსეთი შეიჭრა და მისი ანექსია მოახდინა. ბრემერის სიტყვებით, მასკმა უარი ვითარების შესაძლო ესკალაციის საფრთხის გამო თქვა.
ბრემერის თქმით, მასკი ირწმუნებოდა, რომ, ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ესაუბრა და ამტკიცებდა, რომ ის „მოლაპარაკებისთვის მზადაა“ (მასკმა ოქტომბერში უკრაინის სამშვიდობო გეგმაც წარმოადგინა, რომელიც შეაფასეს როგორც რუსეთის ინტერესების შესაბამისი). ინსაიდერი წერს, რომ ამ საუბრისას პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით დაიმუქრა, თუ უკრაინა შეეცდებოდა დაებრუნებინა ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც რუსეთს საზღავო ძალების განლაგების ბაზას წარმოადგენს.
თუმცა ტვიტერზე, მასკმა პუტინთან ახლო წარსულში საუბრის შესახებ ინფორმაცია უარყო და დაწერა, რომ „პუტინს მხოლოდ ერთხელ ელაპარაკა და ეს დაახლოებით 18 თვის წინ მოხდა“. მისი სიტყვებით თემა „კოსმოსი იყო“. ბრემერმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, როგორ უთხრა მას მასკმა, რომ " პუტინს და კრემლს უშუალოდ უკრაინაზე ელაპარაკა".
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის სამხრეთში პოზიციებს თმობენ, მათ დაკარგეს კონტროლი აღმოსავლეთ უკრაინის დიდ ნაწილზე. ამ ფონზე მატულობს შიში, რომ დანაკარგების შესაჩერებლად, პუტინი და მისი მრჩევლები ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ.


