
ნიდერლანდები უკრაინას 15 მილიონი ევროს ღირებულების საზენიტო რაკეტებს გადასცემს
12/10/2022 15:27:54 ევროპა
საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ნიდერლანდები უკრაინას 15 მილიონი ევროს ღირებულების საზენიტო რაკეტებს გადასცემს. ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა ბრიუსელში “რამშტაინის” ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
“ერთადერთი შედეგი, რომელსაც პუტინი მიაღწევს არის ის, რომ ჩვენ უფრო მეტს მივაწვდით [უკრაინას] ასეთი სახის თავდასხმების გამო”, - აღნიშნა ოლონგრენმა.
მან არ დააკონკრეტა რამდენი რაკეტა გადაეცემა უკრაინას.
როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული საზენიტო რაკეტები კიევისთვის სხვა სახელმწიფოების მიერ მიწოდებულ საზენიტო დანადგარებში იქნება გამოყენებული.
თავდაცვის მინისტრმა ასევე უარი თქვა პასუხი გაეცა კითხვაზე, მომავალშიც თუ მიაწვდის მძიმე შეიარაღებას ნიდერლანდები უკრაინას.
“ჩვენ ყოველთვის უნდა ვუყუროთ რომელი ჰაუბიცების მიწოდება შეგვიძლია ახლა და რომლები გვჭირდება ახლა საკუთარი მზაობისთვისა და წვრთნებისთვის. ყოველთვის ბალანსს ვეძებთ”, - დასძინა ოლონგრენმა.