
ყირიმსა და ხერსონში ირანელი ინსტრუქტორები ჩაიყვანეს – უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები
12/10/2022 14:54:16 ევროპა
ირანელი ინსტრუქტორები ჩავიდნენ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში და ხერსონის რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში, რათა ასწავლონ რუსებს ირანული დრონების (შაჰედ-136) მართვა,– იუწყება უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი.
ამავე წყაროს ცნობით, ირანელები ბაზირებულნი არიან გლადოვკაში (ხერსონის ოლქი) და ჟანკოეში (ყირიმი).
„ისინი რუსებს ასწავლიან, როგორ გამოიყენონ კამიკაძე–დრონები და უშუალოდ აკონტროლებენ თვითმფრინავების გაშვებას უკრაინის სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ, კერძოდ, დარტყმებს ნიკოლაევსა და ოდესაზე. ინსტრუქტორები იმ შენობებში არიან განთავსებულნი, რომლებიც რუსებმა ოკუპაციის დროს დაიკავეს“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამ ეტაპზე ინფორმაციას სხვა წყაროები არ ადასტურებენ.
ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას ირანული დრონების ჩამოყრის თაობაზე. თავად ირანი კი ოფიციალურად უარყოფს რუსეთისთვის დრონების მიწოდებას.