Accentnews.ge
„რუსეთის პოზიცია უმნიშვნელოა“: ჰააგაში, მათ შორის, პუტინისთვის იქმნება სპეცტრიბუნალი

„რუსეთის პოზიცია უმნიშვნელოა“: ჰააგაში, მათ შორის, პუტინისთვის იქმნება სპეცტრიბუნალი

12/10/2022 11:13:15 მსოფლიო

ჰააგაში უკრაინის მოთხოვნით და საერთაშორისო ადვოკატების ჩართულობით,რომლებსაც უკვე აქვთ მსგავსი პროცესების გამოცდილება, იქმნება სპეციალური ტრიბუნალი პუტინისა და რუსეთის მთელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის გასამართლების მიზნით.

მათ გაასამართლებენ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის.

11 ქვეყანა წინასწარ დასთანხმდა ტრიბუნალის შექმნას.

„არსებობს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ე.წ. ჰააგის ტრიბუნალი, რომელსაც შეუძლია განსაჯოს ომის დანაშაულები, რაც მოიცავს მკვლელობას, გაუპატიურებას, ძარცვას - ყველაფერს, რაც რუსმა ჯარისკაცებმა გააკეთეს უკრაინაში. მაგრამ ეს სასამართლო, სამწუხაროდ, ვერ განიხილავს აგრესიის დანაშაულებს, რისთვისაც შეიძლება მოხდეს ვლადიმირ პუტინის და რუსეთის მთელი უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხსიგებაში მიცემა. საქმე იმაშია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრინციპში, შეუძლია, განიხილოს აგრესიის დანაშაულები, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მიერთებულია რომის ქარტიას. რუსეთი ამას არ აპირებს“,– განმარტავს სპეცტრიბუნალის შექმნის თაობაზე მომუშავე უკრაინის ჯგუფის წევრი ოლეგ გავრიში.

მისი თქმით, აგრესიის დანაშაული საერთაშორისო სამართალში ყველა სახის დანაშაულის სათავეში დგას, რაც საკმარისი მიზეზია მისი ჩამდენების პასუხისგებაში მისაცემად.

„ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში (ჩვენ მას ვუწოდებთ ფართომასშტაბიან შემოჭრას, რადგან ომი დაიწყო 2014 წელს, ხოლო ფართომასშტაბიანი შემოჭრა – 2022 წლის თებერვალში), დაამტკიცა რუსეთის უშიშროების საბჭომ, რომელშიც შედიან პუტინი, შოიგუ, ლავროვი, პატრუშევი, ბორტნიკოვი, მედვედევი და ა.შ. ესენი არიან პირველი კანდიდატები, რომლებიც დაისჯებიან ამ დანაშაულისთვის. ვინაიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვერ განიხილავს ამ საკითხს, უკრაინამ ცალკე საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიცირება მოახდინა. ის საერთო თანხმობის გზით შეიქმნება. შეთანხმების მომზადებაში გვეხმარებიან საერთაშორისო იურისტები, კერძოდ, ფილიპ სენდსი. ეს არის ძალიან ცნობილი ადვოკატი, რომელმაც მანამდე განსაზღვრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუშაობის მექანიზმი. გვეხმარება ანტუან გარაპონი, რომელიც საფრანგეთის სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელია. ასევე გვეხმარებიან ჯეფრი ნაისი (პროკურორი, რომელმაც მილოშევიჩი გაასამართლა) და მარკ ელისი –ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი. ანუ ბევრი გავლენიანი, ძლიერი ადვოკატი გვეხმარება ამ ტრიბუნალის შექმნაში. უკვე გვაქვს ხელმოწერლი შეთანხმება ტრიბუნალის შექმნაზე, 11–მდე ქვეყანასთან გვაქვს წინასწარი შეთანხმება, რომ მზად არიან შეუერთდნენ, მათ შორის არიან ძალიან სერიოზული სახელმწიფოები“.

მისი განმარტებით, სპეცტრიბუნალს ქვეყნები შექმნიან, რადგან ის იქნება საერთაშორისო სეთანხმებით.

როგორც სამუშაო ჯგუფის წევრი განმარტავს, წინასწარი თანხმობა უკვე განაცხადეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, პოლონეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, რუმინეთმაც:

„გარდა ამისა, ამ ტრიბუნალს ახლა ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს შვეიცარიაში, ისლანდიაში, ირლანდიასა და კანადაში. ანუ საკმაოდ კარგი ჯგუფი იქმნება, მაგრამ მეტი გვინდა – გვინდა, მთელი ევროკავშირი ჩაერთოს, ასევე გვინდა, რომ აქ იყოს აშშ, იაპონია, ავსტრალია. შემდეგ უკვე ღია იქნება ხელშეკრულება და ნებისმიერ ქვეყანას შეეძლება, მას შემოუერთდეს. ტრიბუნალის შექმნის ფაქტობრივი ვადა ერთი წელია“.

მისი განმარტებით, პროცესი არსებული მექანიზმით წარიმართება: დაიწყება სასამართლო განხილვა, გაიცება დაკავების ორდერები და ეჭვმიტანილები როგორც კი შევლენ ხელშეკრულებას მიერთებული ქვეყნების ტერიტორიებზე, დააკავებენ და წარადგენენ სადაც თავად ტრიბუნალი იქნება განთავსებული:

„წინასწარი შეთანხმებების საფუძველზე ვგეგმავთ, რომ ეს იქნება ჰოლანდიაში. ჰააგის გაეროს ციხეში იქნებიან, თუ მათ დააპატიმრებენ. თუ არ დააპატიმრებენ და თავიანთ საწოლებში მოკვდებიან, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართლიანობამ უნდა იზეიმოს –ცივილიზებულმა სამყარომ ისინი სამხედრო დამნაშავეებად უნდა სცნოს, მათ აღარავინ დაელაპარაკება. ჩინეთში და თურქეთში რომც ჩავიდნენ, ინტერპოლის ინსპექტორები იქაც დაუწყებენ ძებნას. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მხოლოდ ომის დაწყება 30–წლამდე და უვადო პატიმრობას ითვალისწინებს“.

მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში სპეცტრიბუნალის შექმნისთვის რუსეთის პოზიცია აბსოლუტურად უმნიშვნელოა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S