НАТО ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვებში წარმოდგენილობას აძლიერებს
12/10/2022 09:47:23 მსოფლიო
ნატო დგამს ნაბიჯებს ალიანსის კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გასაძლიერებლად ბალტიის ზღვაში Nord Stream და Nord Stream 2 გაზსადენებზე მომხდარი ინციდენტების შემდეგ, რომელშიც დასავლეთი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ.
როგორც ნატო–ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ალიანსმა გაზარდა სამხედრო წარმოდგენილობა ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვებში 30 ხომალდამდე.
მისი თქმით, გემების ჯგუფებს მხარს უჭერს ავიაცია და წყალქვეშა მონიტორინგი; ალიანსის ქვეყნები ასევე აძლიერებენ უსაფრთხოების ზომებს ინფრასტრუქტურული ობიექტების გარშემო და ინფორმაციის გაცვლას სპეცსამსახურებს შორის. კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მისი განმარტებით, არის გაზსადენები, ასევე წყალქვეშა ენერგეტიკული და საინფორმაციო მაგისტრალები.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნებისმიერი თავდასხმა ნატოს ქვეყნების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე გამოიწვევს შეთანხმებულ და გადამწყვეტ პასუხს“, რომლის ხასიათიც დამოკიდებული იქნება თავდასხმის ხასიათზე.
მან მსხვილი დივერსიის შემთხვევაში ნატო–ს წესდების მე–5 მუხლის (კოლექტიური თავდაცვა) გააქტიურება არ გამორიცხა.
რამდენიმე კვირის წინ, გაჟონვა მოხდა „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენებზე, რაშიც რუსეთი და დასავლეთის ქვეყნები ერთმანეთს სდებენ ბრალს. ორივე მხარე გაჟონვის მიზეზად საბოტაჟს ასახელებს.


