
საქართველოში ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე სამედიცინო ჯგუფების გადამზადება მიმდინარეობს
12/10/2022 09:19:48 საზოგადოება
საქართველოში ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე მორეაგირე სამედიცინო ჯგუფების გადამზადებისა და რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით პროექტი მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯანდაცვის უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში სასწავლო სატრენინგო ცენტრი შესაბამისი სპეციალური სასწავლო აღჭურვილობით უზრუნველყვეს.
ასევე დაგეგმილია ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირებისთვის სამედიცინო ეკიპაჟებისთვის სპეციალური აღჭურვილობის უზრუნველყოფა.
პროექტი 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში ჩართულია სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნის 50-მდე მონაწილე.