ლავროვის გამო მრცხვენია – მაკფოლი
12/10/2022 09:06:48 მსოფლიო
ლავროვის გამო მრცხვენია, – ასე ეხმიანება რუსეთში აშშ–ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ უკრაინისთვის მოლაპარაკებების არაეთიკური ფორმით შეთავაზებას.
„მე მქონდა ურთიერთობა ბატონ ლავროვთან. ის ჭკვიანი ადამიანია და მრცხვენია მის გამო, მრცხვენია, რომ მსგავს სასაცილო რამეებს საუბრობს. მან კარგად იცის, რომ ზელენსკი არანაირი ნაცისტი არაა – ის ებრაელია, მან თავისუფალი არჩევნები მოიგო. უბრალოდ მრცხვენია ლავროვის გამო, მრცხვენია, რომ ამ როლის თამაშს განაგრძობს. ვნახოთ, რას იტყვის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, რას იტყვის იმ საშინელ როლზე, რომელიც მან ითამაშა ამ მოვლენებში. რაც შეეხება ვაშინგტონიდან მითითებებს, მინდა, შევახსენო, რომ პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინელმა ხალხმა აირჩია, ის ერთმნიშვნელოვნად ამბობდა უარს დასავლელი ლიდერების რჩევების მიღებაზე – გახსოვთ, ომის დასაწყისში მას არწმუნებდნენ, რომ კრაკოვში გადასულიყო, მან კი უპასუხა, „გმადლობთ, არ მჭირდება გამგზავრება, მჭირდება იარაღი!“. ის უარს ამბობს, მოისმინოს რაღაც მითითებები დასავლეთიდან, სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებს. მაგრამ არის ერთი რამ, რაშიც ლავროვი მართალია – დასავლეთი ნამდვილად ეხმარება უკრაინას, დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი. რატომ აკეთებს ამას დასავლეთი? იმიტომ, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში ყოველგვარი მიზეზის გარეშე! უკრაინა რუსეთის ინტერესებს არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა უსაფრთხოების კუთხით. ვფიქრობ, ახლა რუსეთი სუსტია, მისთვის საფრთხე ახლა ბევრად დიდია, ვიდრე საწყის ეტაპზე იყო“,– განაცხადა მაკფოლმა.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, მაკფოლი ამბობს, რომ რეალურად თავად პუტინი არაა მზად ამისთვის:
„როგორც არჩეული პრეზიდენტი ზელენსკი გადაწყვეტს, ისე იქნება. მე მჯერა სუვერენიტეტის. ხშირად ვსაუბრობ უკრაინის ხელისუფლებასთან და ვფიქრობ, ისინი მზად არიან საუბრისთვის, მოლაპარაკებებისთვის, რეალურად ეს პუტინი არაა მზად. მისი მზაობის ვერანაირ ნიშანს ვერ ვხედავ“.
მანამდე ლავროვმა განაცხადა, რომ „ამერიკელები უკვე დიდი ხანია, მონაწილეობენ ამ ომში. ისინი არა მხოლოდ აიარაღებენ ზელენსკის და მის რეჟიმს, აწვდიან სადაზვერვო ინფორმაციას, სატელიტურ მონაცემებს, რომელიც ნეონაცისტური რეჟიმის დახმარების სამსახურშია. [...]
„არ გამოვრიცხავ, რომ როგორც აუკრძალა [ზელენსკიმ პუტინთან მოლაპარაკებები] საკუთარ თავს, ისევე დაივიწყებს, გააჩნია, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს და რით დაკავდება. უბრძანებენ მას ლონდონიდან და ვაშინგტონიდან. ეტყვიან, როგორ გააკეთოს ეს ყველაფერი, რომ სახე არ დაკარგოს. ის მსახიობია. იმ მხარეს არაერთი მსახიობია – ვინც მისით მანიპულირებს, ყველანი თამაშობენ კეთილშობილი რაინდის როლს, რომლებიც შეშფოთებულნი არიან იმით, რასაც რუსეთი აკეთებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში“.


